აჭარის კულინარიულ გზამკვლევში 80- მდე აჭარული კერძის შეტანა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, წიგნში, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს, ნაკლებცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციები განთავსდება.
ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ 76 კერძს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.
ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობითა და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილი იქნება მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.