დადიანების დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, აშშ–ის საელჩო დააფინანსებს – გიორგი კალანდია
საქართველოს ხელოვნების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა და ის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ რადიო “კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ აღნიშნა, პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ სახელმწიფომ სამუზეუმო კოლექციების შესყიდვა დაიწყო.
„საბჭოთა პერიოდში, როდესაც ჩვენი თავადაზნაურობა ქვეყნიდან გაიქცა თან უზარმაზარი ეროვნული საგანძური წაიღო, ვიცით, რომ დიდი ნაწილი ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა, თუმცა მას ძირითადად საეკლესიო კოლექცია ჰქონდა.. მაგრამ საერო კოლექცია, ამილახვრების, ერისთავების, სარაჯიშვილების და ა.შ. ყველა გატანილი იყო ქვეყნიდან და სხვადასხვა აუქციონზე იყიდებოდა. პირველად მოხდა, რომ კულტურის სამინისტრომ შეიძინა ეს შედევრები და საქართველოში დააბრუნა, მათ შორის არის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მხატვრების ნამუშევრები და სხვა.
სახელმწიფოს როლი მუზეუმების საქმიანობაში ძალიან კარგად წარმოჩინდა და ეს ჩვენ გვახარებს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს ჩვენთან, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შემოსავლის წყარო და სამინისტრო გვეხმარება იმაში, რომ ეს ჩვენ მიერ მოზიდული თანხები ჩვენსავე განვითარებას მოხმარდეს“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.
კალანდიამ დადიანების სასახლის რესტავრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დადიანების სასახლეში რამდენიმე ათეული წელია რემონტი არ ჩატარებულა, მისივე თქმით, რესტავრაცია ჩაუტარდა უფლისწულის სასახლეს და რესტავრაციის პირველი ეტაპი დადიანების დედოფლისეულ სასახლეში ჩატარდა.
„დადიანების სასახლე არის ჩვენი ეროვნული სიამაყის, ეროვნული იდენტობის, ჩვენი ევროპასთან ურთიერთობის სახე, თუმცა რამდენიმე ათეული წელია, იქ რესტავრაცია არ განხორციელებულია და რა თქმა უნდა ეს ამ სამუზეუმო კომპლექსს და განსაკუთრებით დედოფლისეულ სასახლეს დაეტყო. წინა წელს დასრულდა ნიკო დადიანის სასახლის, იგივე უფლისწულის სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც ფონდმა ქართუმ გააკეთა და ის დამთვალიერებელს იღებს.
დედოფლისეულ სასახლეში, რომელშიც დაახლოებით სამ ათეულ წელზე მეტია რესტავრაცია არ ჩატარებულა და ამან უკვე იჩინა თავი, ამას ჩვეულებრივი დამთვალიერებელიც ხედავდა, ხედავდა ჩამონგრეული ჭერის, დაზიანებულ კედლებს და ა.შ.
პირველი, რაც გაკეთდა მინისტრის ინიციატივით, მთლიანად შეკეთდა, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩატარდა და დღეს დამთვალიერებელს შეუძლია შესვლა, ასევე მოხდა სრული რეექსპოზიცია და დაახლოებით 60% საცავებში არსებული ნამუშევრები თავიდან გამოიფინა. ახლა დამთვალიერებელს სრულიად ახალი ექსპოზიცია დახვდება, სამხედრო აღჭურვილობის ახალი დარბაზი გაიხსნა, დადიანებს საოცარი სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.
ხელოვნების სასახლის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პირველად დადიანების სასახლეების ისტორიაში გაიხსნა სამკითხველო დარბაზი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, დადიანების ბიბლიოთეკიდან გამოიწეროს წიგნი. თუმცა, მისივე თქმით, დედოფლისეულ სასახლეს კვლავ სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება და ხელოვნების სასახლემ სამინისტროს კოორდინაციით მოამზადა პროექტი, რომელიც აშშ-ის საელჩოს პროგრამაშია შეტანილი და პროექტმა პირველი ეტაპი უკვე გადალახა, კალანდიამ აღნიშნა, რომ მოლოდინი იმისა, რომ დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაციაც მალე დაიწყება, დიდია.
commersan.ge