კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის გაფართოებულმა საბჭომ 2018 წლის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხა დაამტკიცა. დამტკიცდა სამოქმედო გეგმაც თუ რომელ მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარდება სამეცნიერო არქეოლოგიური კვლევა და სარეაბილიტაციო სამუშაოები
ნუსხაში 80-მდე ძეგლი მოხვდა. სააგენტოში ძეგლების სიმრავლეს 2018 წლის საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ზრდით (შარშანდელთან შედარებით 3,9 მლნ ლარით მეტი) ხსნიან.
ნუსხაში გულისხმობს 24 არქეოლოგიური ძეგლის სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ეროვნული კატეგორიის 27 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაციას.
დოკუმენტი ასევე მოიცავს სააგენტოს მათვარი დონორი ორგანიზაციის -„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ (ფონდი „ქართუ“) მიერ სარეაბილიტაციო ძეგლებს, რომელთა შორის ეროვნული კატეგორიის ძეგლებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოებიცაა წარმოდგენილი.
პროგრამულ ნუსხაში მოხვდა სააგენტოს კამპანია „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში ჩართული კერძო ბიზნეს-ჯგუფების მიერ განსახორციელებელი 3 სარეაბილიტაციო პროექტიც.
გარდა ამისა, 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში კომპანია RMG-ი 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოებს დააფინანსებს. ჯამური ღირებულება 1,7 მლნ ლარია.
იგეგმება ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, სამუზეუმო სივრცეების თანამედროვე განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება. კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით წელსვე დაგეგმილია 2 ენოვანი წიგნების, ალბომებისა და საინფორმაციო ბროშურების მომზადება და გამოცემაც.
www.travelingeorgia.ge