კუმისში „არაბული სოფელი“ შესაძლოა, აღარ აშენდეს. როგორც „კომერსანტს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ონიანმა განუცხადა, მშენებლობაზე ნებართვას ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება, თუმცა, რა ეტაპზეა პროექტის განხილვა ეკონომიკის სამინისტროში და საერთოდ, მიმდინარეობს თუ არა ამ კუთხით მუშაობა, მისთვის უცნობია.
როგორც ონიანი განმარტავს, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის ნებართვას გასცემს, გარდაბნის მუციპალიტეტს ეს წერილობით ეცნობება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ტერიტორია შპს „კუმისი 21-მა 2016 წელს საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით არაბზე გაასხვისა. დღეს „კომერსანტთან“ ტერიტორიის ყოფილი მფლობელი კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ინვესტორები ბოლო ნახევარი წელია არავის უნახავს და ტერიტორიაზე არანაირი აქტივობა არ შეინიშნება. უჩუმბეგაშვილი ფინანსების მიმართულებით პრობლემებს გამორიცხავს, თუმცა, აქვს ეჭვი, რომ ინვესტორებს პრობლემა მიწის ნაკვეთის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებით შეექმნებოდათ, რისი შეცვლაც პრობლემურია და მას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
„როგორც მაქვს ეჭვი, არაბი ინვესტორები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, რადგან ეს ტერიტორია არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც ისინი გეგმავდნენ, ტერიტორიას არასასოფლო დანიშნულების მიწის სტატუსი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ეს ვერ შეცვალეს და გადაიფიქრეს ინვესტიციის განხორციელება,“ — აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ინვესტორებს იქ გასართობი კომპლექსის აშენება უნდოდათ, მეორე ვერსიით კი — სოფლის, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პროექტით იგეგმება 161 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისება.
როგორც „კომერსანტისთვის“ 2017 წლის ივნისში გახდა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორიის 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით არაბ პირზე გასხვისდა, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი კი ეროვნებით ქართველი ფიზიკური პირია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაასხვისა ქართულმა კომპანიამ მიწები, აღნიშნული კითხვით „კომერსანტმა„ შპს „კუმისი 21“-ს 2018 წლის ივნისში მიმართა. მაშინ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავდა, რომ 2016 წელს ლარის დევალვაციის გამო, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. „2015 წელს, როდესაც ლარის დევალვაცია დაიწყო, კომპანიას დაახლოებით, 1.5 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ლარის გაუფასურების გამო, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ, ამიტომ, კრედიტი რომ დაგვეფარა, იძულებულები ვიყავით მიწა გაგვეყიდა. ჩვენ ეს მიწა არაბული წარმოშობის, საქართველოს მოქალაქეზე გავყიდეთ,“ — აცხადებდა უჩუმბეგაშვილი.
www.commersant.ge