ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ყურძნისა და ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევები შემცირდება" - რას შეცვლის ვენახების აღწერა
04 მარტი, 2024

საქართველოში ყურძნისა და ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება, საერთაშორისო ბაზრებზე კი ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. კიდევ უფრო გააქტიურდება ბაზრების დივერსიფიცირების პროცესიც - ეს ის მოლოდინია, რომელიც ღვინის სექტორში, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ვენახების აღწერის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით აქვთ.

48 ათასზე მეტი ჰექტარი ვენახი, 47 ათასზე მეტი მევენახე და 170 ათასზე მეტი ნაკვეთი - ეს ვენახების კადასტრში შეკრებილი ინფორმაციაა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლება მუდმივად ხორციელდება, დღევანდელი მდგომარეობით კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები უკვე სრულად აღწერილია.

როგორც დარგის ექსპერტები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ამ პროცესს დადებითად აფასებენ. „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ აღდგომელაშვილი  აცხადებს, რომ ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შემდგომი განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის, ასევე პოპულარიზაციის გაზრდისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს. ვენახის მესაკუთრის შეცვლის, ან ვენახის გაშენება - ამოძირკვის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია, საკადასტრო მონაცემების განახლება. მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას. მთელი ამ პროცესის შედეგად კი, გაუმჯობესდება საქართველოში წარმოებული ღვინის ხარისხი“, - აღნიშნავს ნიკოლოზ აღდგომელაშვილი

მისივე თქმით, დღეს ღვინის სექტორში არის პრეცედენტები, როდესაც თავად ყურძნის და შემდგომში,  ღვინის ფალსიფიცირება ხდება. „მაგალითისთვის - პირობითად, ვენახების ტერიტორიაზე, სადაც გაშენებული უნდა იყოს მხოლოდ საფერავი, შესაძლოა იყოს შერეული სხვადასხვა ჰიბრიდული ჯიშები, რითაც ხდება საფერავის გაბევრება და ფალსიფიცირება. ვენახების აღწერის პროცესი კი ასეთ შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანეს“, - განმარტავს ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ეს პროგრამა 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ვენახების აღწერით დაიწყო; 2015-2021 წლებში პროგრამა კახეთში განხორციელდა, 2022 წელს - ქვემო და შიდა ქართლში, ასევე მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 2023 წელს - აჭარის, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში.

bm.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.