ბეთანიის ზამთრის სათხილამურო კურორტით ინვესტორები დაინტერესდნენ. კურორტის მმართველი „რანდევუ ბეთანიას" ხელმძღვანელი თამაზ ბასილია „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ინტერესია როგორც უცხოელი, ისე ქართველი ინვესტორების მხრიდან,თუმცა კურორტის გასხვისება და მისი მათზე გადაცემა ბეთანიამდე მისასვლელი გზის არარსებობის გამო ჭიანურდება.
საუბარია, წყნეთის ზევით, ბეთანიის გზაზე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ ჩამოინგა და დღემდე არ გაკეთებულა. ბასილიას თქმით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„2 წლის განმავლობაში ამის გამო, კურორტი ვერ მუშაობს. კოჯრიდან მისასვლელი გზა კი საკმარისი არ არის, რადგან თუ ორივე გზიდან 100 კაცი მოდიოდა, კოჯრიდან 20 კაცი ამოვა. ეს კი კურორტს ვერ ამუშავებს. პრობლემებია "თელასთან" არასწორად დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით. კურორტი დაკეტილია, არ მუშაობს და მაინც ფულს მაწერს. ყველა მიმართულებით პრობლემებია. "-აცხადებს ბასილია.
კონკრეტულად ვინ არის დაინტერესებული კურორტის შეძენით, ამის შესახებ ბასილია არ საუბრობს.
თამაზ ბასილია გასულ წელს აცხადებდა, რომ ბეთანიის კურორტი თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული, რადგან ხელოვნური გათოვლიანება ძვირი ჯდება. ბიზნესმენის განმარტებითვე, კურორტზე მდებარეობს სასტუმრო, თუმცა ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის, მოწყობილია სათხილამურო ინფრასტრუქტურაც.
თამაზ ბასილიას განცხადებითვე, კურორტზე 2, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამავე ფასად იყიდება.
„რანდევუ ბეთანია" თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 30 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. კურორტი 2012 წელს ამოქმედდა. მაშინ იყო საუბარი, რომ სი 4-სეზონიან კურორტი იქნებოდა.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი