კურორტ გოდერძიზე 133 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს, – ამის შესახებ bm.ge-ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს მოიცავს როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტებს.
სულხან ღლონტი ამბობს, რომ მომავალ წელს ადგილზე 2 ახალი სასტუმრო შევა ექსპლოატაციაში და კურორტს 100 ახალი ნომერი დაემატება. ამასთან, ამოქმედდება კვების ობიექტები, რომლებსაც 500 სტუმრის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ამ დროისთვის, კურორტი სრულად დატვირთულია, რადგანაც განთავსების ადგილების რაოდენობა მცირეა.
სულხან ღლონტის ინფორმაციით, დღეისთვის კურორტ გოდერძზე მაქსიმუმ 300 ტურისტის განთავსებაა შესაძლებელი; მომდევნო 3-4 წელიწადში კი, განთავსების ადგილების რაოდენობა 4 ათასს მიაღწევს.
რაც შეეხება კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სულხან ღლონტის ინფორმაციით, პრობლემური 24-კილომეტრიანი გზის(ხულო-გოდერძი) რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება.
მისივე თქმით, სამუშაოების განხორციელება ადგილზე მხოლოდ 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც პრობლემებს ქმნის.
“კურორტამდე მისასვლელი გზა ბათუმიდან ხულომდე არის ჩვეულებრივი, ხულოდან გოდერძიმდე არის, დაახლოებით, 24 კილომეტრი, რომელიც პრობლემურად რჩება და რომლის მშენებლობაც გაზაფხულზე დაიწყება. ეს არის საკმაოდ რთული რელიეფი, რადგან რიგ შემთხვევებში, გზის გაფართოება გახდება საჭირო – არის მონაკვეთები, სადაც გზის სიგანე მხოლოდ 2-3 მეტრია და თოვლის პირობებში გადაადგილება კიდევ უფრო ჭირს. პროექტის განხორციელება დაიწყება გაზაფხულზე და სამცხე და ხულო ერთმანეთს თანამედროვე ფართო გზით დაუკავშირდება”, – აცხადებს სულხან ღლონტი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი