ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ გოდერძიზე „ამბასადორი“ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს
10 იანვარი, 2019

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის განვითარება, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონში სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის პოპულარიზაცია ქვეყნის პრიორიტეტად დაასახელა.

„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სასტუმროების ქსელი „ამბასადორი“ მონაწილეობას იღებს კურორტ-გოდერძის განვითარებაში და ახალი სასტუმროს „ამბასადორი გოდერძის“ მშენებლობაში 25 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. 5 ვარსკვლავიანი, 100 ნომრიანი ევროპული სტანდარტების სასტუმროს მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.

როგორც „კომერსანტთან“ „ამბასადორის“ ქსელის მარკეტინგის მენეჯერი თამარ ჯინჭარაძე აცხადებს, „ამბასადორი გოდერძიში“ იქნება – სპა, აუზები, თხილამურების გასაქირავებელი პუნქტი, საკუთარი – 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. თამარ ჯინჭარაძის თქმით, ახალი სასტუმროს მშენებლობა კერძო ინვესტიციით ხორციელდება.

მისივე განცხადებით, სასტუმროს საბოლოოდ ექსპლუატაციაში შესვლა ხელისუფლების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა სწრაფი ტემპით განახორციელებს გოდერძის საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გზები და გაზიფიკაცია მსგავსი სახის პროექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობის მიერ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენი მშენებლობაც აქტიურ ფაზაში შევა,“- აცხადებს „ამბასადორის“ მარკეტინგის მენეჯერი.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.