ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ გოდერძიზე ახალი 5 კილომეტრიანი საბაგირო მომავალ სეზონზე გაიხსნება
19 მარტი, 2021

კურორტი  "გოდერძი" ზამთრის სეზონს სამი ახალი სასტუმროთი შეხვდა - ერთ-ერთია „ამბასადორი გოდერძი“. შემდეგი სეზონისთვის კი რიზორტს მესამე საბაგირო დაემატება. რიზორთის დირექტორი მალხაზ მახარაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერისგან“ გოდერძიზე, მესამე საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაგიროს მშენებლობა ჯერ კიდევ 2019 წელს იგეგმებოდა. 

„ახალი კურორტის დამატებას ვაპირებთ გოდერძთან, ეს იქნება "გოდერძის" გაგრძელება - ახლა გენერალური განაშენიანების გეგმა კეთდება. წყლის და შუქის პრობლემა არ გვექნება და მალე "გოდერძი" ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება საქართველოში. თოვლი არასდროს გვიჭირის როგორც გუდაურსა და ბაკურიანს და  თოვლის წარმომქმნელი აპარატები არ გვჭირდება.

ჩვენთან უკვე გაიხსნა „ირე პალასი“ და სასტუმრო „ამბასადორი“. იქიდან გამომდინარე, რომ 8 მარტს ჩაირთო საბაგირო და სასტუმროებიც ამ დროს გაიხსნა, ხალხის სიმცირე ნამდვილად გვაქვს. „ამბასადორს“ 135 ნომერი აქვს მზად, „ირე პალასს“ კი 80 ნომერი. გოდერძის უღელტეხილზე სასტუმრო „არსიანიც“ შევიდა ექსპლუატაციაში 70 ნომრით.

მომავალ წელს, ახალი საბაგიროები ემატება და ავსტრიელებთან მოლაპარაკებები 5 კილომეტრიანი საბაგიროს დამატებაზე ახლახან განახლდა. როგორც იცით ეს პროცესი პანდემიის გამო შეფერხებული იყო. თუ ადრე გაზაფხულზე დავიწყებთ, ალბათ მოვასწრებთ მომავალი ზამთრის სეზონისთვის.

თოვლი როგორც კი დადნება ჩინური კომპანია, რომელმაც 95 მილიონიანი ტენდერი მოიგო, იწყებს საგზაო სამუშაოებს. ტენდერი ოქტომბერში ჩატარდა და ამ კომპანიას წელიწადი და 8 თვე აქვს ვადა, რომ გოდერძის კურორტამდე მოსასვლელი გზა გააკეთოს. მათ უნდა გაკეთონ გზა ხულოდან ზარზმამდე-  სადღაც 37 კილომეტრი. ამით მოგვარება  გზის პრობლემა და იმედი გვაქვს, რომ 2022 წელს ახალი გზით შევხვდებით,“ - განმარტავს მალხაზ მახარაძე.

2021 წლის თებერვალში მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 120 ნომრით გაიხსნა, წლის ბოლოს სასტუმროს მეორე შენობაც შეემატება და ჯამში 230-მდე ნომრით უმასპინძლებს გოდერძის ვიზიტორებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარზე მეტია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.