აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ „გომარდულის“ განვითარებით ფრანგი ინვესტორები დაინტერესდნენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტ „გომარდულის“ წარმომადგენელმა ბადრი ქათამაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, კურორტი 2017 წლის 30 დეკემბერს, 5-წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა.
ქათამაძის ინფორმაციით, კურორტი როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტიორებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. მისი განცხადებით, ფრანგი ინვესტორები გომარდულში საბაგირო ხაზების მონტაჟს გეგმავენ, რომელის შედეგადაც სოფელი „გომარდულის“ ერთი ადგილი მეორე ადგილს დაუკავშირდება.
როგორც ქათამაძე აცხადებს, ამჟამად ფრანგი ინვესტორების მხრიდან საბაგირო ხაზების პროექტირება მიმდინარეობს. რა ღირებულების პროექტი იქნება და რა ვადებში მოხდება მისი მშენებლობა, პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ქათამაძის განცხადებით, გომარდულში მიწის შესყიდვით დაინტერესებულნი არიან ასევე ადგილობრივი ბიზნესმენებიც.
ამ დროისთვის კურორტზე 5 სასტუმრო სახლი და რესტორანია. ჯამში კი შესაძლებელია 60 ვიზიტორის სტუმრობა. ქათამაძე აცხადებს, რომ კურორტზე დამსვენებლები არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები. მათ შორის არიან სტუმრები რუსეთიდან, უკრაინიდან.
როგორც ქათამაძე აცხადებს, 2019 წლისთვის განაშენიანების გეგმის ფარგლებში კუროტზე დამატებით 5 სასტუმროს მშენებლობა დასრულდება. ასევე მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.
როგორც ცნობილია, ყადაღის გამო კურორტი 5 წელი გაჩერებული იყო. როგორც გასულ წელს ქათამაძე განმარტავდა, პრობლემას ქმნიდა წლების წინ შემოსავლების სამსახურის მიერ აქციონერებისთვის დაკისრებული საბიუჯეტო დავალიანების საკითხი, რომელიც ჯამში ნახევარ მილიონს ლარს შეადგენდა. დღეს ქათამაძე აცხადებს, რომ ყადაღის საკითხი მოგვარდა და დავალიანება განულებულია, მისი განცხადებით, კომპანიას ნახევარ მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერა.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge