ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ «ლებარდეს» განვითარება იწყება
28 აპრილი, 2017

კურორტ „ლებარდეს" განვითარება სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოდან დაიწყება. პროექტს ისრაელური კომპანია „რაზგალ ენერჯია" ახორციელებს, რომელიც თავის მხრივ ფლობს კომპანია „ტეხური ენერჯის". მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ ისრაელელი ინვესტორები კურორტით სერიოზულად არიან დაინტერესებული . სხვა დეტალებს გამგებელი არ ფლობს.

ისრაელელი ინვესტორები ლებარდეში 3 მცირე ჰესის მშენებლობასაც გეგმავენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. „ძალიან სასარგებლო პროექტია. რეგიონის მოსახლეობისთვის კარგი იქნება. ძალიან ბევრი ბიზნესმენი დაინტერესდება და ბევრი მოინდომებს ლებარდეს განვითარებაში მონაწილეობის მიღებას. დასაქმდება ხალხი"-აცხადებს გრიგალავა.

„ტეხური ენერჯის" გენერალური დირექტორი მოგელი ტყებუჩავა „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკვე დასრულებულია მშენებელი კომპანიის შესარჩევი საერთაშორისო ტენდერი. გამარჯვებული კი 25 მაისისთვის გამოცხადდება. ტყებუჩავა აცხადებს, რომ 9 განაცხადიდან სატენდერო კომისია გამარჯვებულს 3 პრეტენდენტიდან შეარჩევს.

ტყებუჩავას განცხადებით, ამის შემდეგ უკვე მთავრობაზე, კერძოდ კი ენერგეტიკის სამინისტროზე იქნება დამოკიდებული მემორანდუმის გაფორმება. რაც შეეხება მშენებლობის დაწყების, ისე დასრულების ვადებს, ტყებუჩავას ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმებიდან 6-9 თვეში დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები.

როგორც „ტეხური ენერჯის" გენერალური დირექტორი მოგელი ტყებუჩავა აცხადებს, ებრაული კომპანია ტეხურის კასკადის მშენებლობაზე 220 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პროექტი მოიცავს მდინარე ტეხურაზე 3 მცირე ჰესის მშენებლობას, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 114 მეგავატი იქნება.

რაც შეეხება კურორტ ლებარდეს განვითარებას, ტყებუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობასთან გადაწყდება და შეთანხმდება გზის მშენებლობის საკითხი, ებრაული კომპანია თავის თავზე აიღებს ვალდებულებას, რომ ლებარდებმდე გზაც მიიყვანოს. ეს კი ტყებუჩავას განმარტებით, კურორტის შემდგომი განვითარების საფუძველი გახდება.

„ეს იქნება ცალკე პროექტი, თუმცა, ამ თვალსაზრისით ებრაული კომპანიის მხრიდან დაინტერესება არის.

შეგახსენებთ: საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე გასული წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები. კვირიკაშვილი კონკრეტულ კურორტებსაც ასახელებდა, რომელთა განვითარებასაც, ბახმაროსა და აბასთუმნის გარდა, მთავრობა გეგმავდა, ესენია ლებარდე, აბასთუმანი და სხვა.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.