ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კურორტამდე მისასვლელი გზა კვლავ მოუწესრიგებელია“ - როგორ ხვდება ზამთრის სეზონს კურორტი გოდერძი
29 იანვარი, 2024

მაღალმთიანი აჭარა, კურორტი გოდერძი როგორც ზაფხულში, ასევე  ზამთარშიც სამაოდ  მოთხოვნადი მიმართულებაა. კურორტზე  სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. „კომერსანტი“ დაინტერესდა ინფრასტრუქტურულად რამდენად  გამართულია  კურორტი, როგორი დატვირთვით მუშაობს და  რომელი ქვეყნების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

როგორც  „კომერსანტს“ ალიანს ვილას მენეჯერმა უთხრა საახალწლო პერიოდი და შემდეგ იანვრის ჩათვლით სრულად დაჯავშნილია,. სასტუმრო ჯავშნებს იღებს, როგორც ქართველი, ასევე  უცხოელი დამსვენებლებისგან.

„ჯერჯერობით ჯავშნები უფრო ქართველებისგან მოდის, თუმცა გვაქვს ჯავშნები როგორც რუსი,ასევე უკრაინელი ტურისტებისგან. ასევე აქტიურად ჯავშნიან ევროპის ქვეყნებიდანაც.

ორ დღეში გადავდივართ მუშაობის აქტიურ რეჟიმზე, 26 რიცხვიდან იანვრის შუა რიცხვებამდე სრულად დაჯავშნილია სასტუმრო, საახალწლო დღეებში თავისუფალი ადგილი არ გვაქვს.“ - აცხადებენ ალიანს ვილაში.

რაც შეეხება ზოგადად კურორტს, ალიანს ვილაში აცხადებენ, რომ კურორტი ინფრასტრუქტურულად გამართულია, საბაგიროები სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა კვლავ აქტუალურია კურორტამდე მისასვლელი გზის პრობლემა, რომელიც კვლავ მოუწესრიგებელია.

„გზის პრობლემის შემთხვევაში, ჩვენ სტუმრებს თოვლმავალით - კეზბორერით მომსახურებას ვთავაზობთ, დღეში ერთხელ ამოდის კურორტზე და ჩვენ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ რომ კეზბორერის  მომსახურება წინასწარ დაჯავშნონ“ - აცხადებენ ალიანს ვილაში.

სასტუმრო ალიანს ვილა კურორტს გოდერძიზე მდებარეობს, 22 ნომრიანია და მასში განთავსების ფასი საუზმით  350 ლარიდან 400 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გზის პრობლემებზე საუბრობენ საოჯახო სასტუმრო „ნოეშიც“. როგორც საოჯახო სასტუმრო „ნოეს “ მეპატრონემ გოგიტა ბოლქვაძემ აღნიშნა საოჯახო სასტუმრო სტუმრების მიღებას ახალი წლიდან  იწყებს და ჯავშნების რაოდენობაც მაღალია.

„ჩვენ სტუმრებს ახალი წლიდან ვიღებთ, ახალი წლის შემდგომი პერიოდი სრულად არის დაჯავშნილი, რაც  შეეხება ზოგადად  კურორტს, კურორტი  ინფრასტრუქტურულად კარგად არის გამართული, საბაგიორები კარგად მუშაობს, ტრასები მოწესრიგებულია, თუმცა გზის პრობლემა არის, რომელიც ვიზიტორების გადაადგილებას  აფერხებს.“ - აღნიშნა გოგიტა ბოლქვაძემ.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.