ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტი «უჯარმა» განახლებული სახით ტურისტებს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 15 მაისიდან მიიღებს
28 მარტი, 2017

კურორტი „უჯარმა" განახლებული სახით ტურისტებს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 15 მაისიდან მიიღებს. ამის შესახებ „ კომერსანტთან" შპს „კურორტი უჯარმას" მენეჯერი იბრაჰიმ კასუნოვი საუბრობს. მისი ინფორმაიით, ამ დროისთვის კურორტზე მდებარე სანატორიუმის რეკონსტრუქცია-რემონტი მიმდინარეობს.

კასუნოვი იმედოვნებს, რომ ზაფხულის სეზონს „უჯარმა" განახლებული სახით მიიღებს ტურისტებს. მისი განცხადებით, კურორტის ადმინისტრაციის გათვლაა, რომ უჯარმათი ევროპელი ტურისტებიც დაინტერესდნენ.

„ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ვახდენთ რეაბილიტაციას. შენობის რემონტი დაახლოებით 345 000 ლარი გვიჯდება. არსებულ შენობებს და ოთახებს ემატება დაახლოებით 40 ახალი ოთახი, რომელიც თანამედროვე სტანდერტებით იქნება აშენებული. ტურისტები აქამდეც იყვნენ, თუმცა, ინფრასტრუქტურის განახლება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება მათ რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის"-აცხადებს კასუნოვი.

შეგახსენებთ, საგარეჯოს რაიონში მდებარე კურორტი „უჯარმა" საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წელს გაასხვისა და ის ახლა კერძო საკუთრებაშია. საქართველოს მოქალაქე თანრივედ კასუმოვმა კურორტი „უჯარმა" აუქციონის წესით იყიდა. კურორტი საძილე კორპუსებს და კოტეჯებს მოიცავს. უჯარმაში უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი, იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები გეოლოგებმა 1962 წელს, ბურღვითი სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს. ამ წყალს იყენებენ პერიფერიული ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისას.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.