ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტირება გაზაფხულზე დასრულდება
27 დეკემბერი, 2017

ქუთაისის აეროპორტიდან  სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაწყებულია. როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განუცხადა, საბოლოო ვარიანტი მთავრობას მომავალი წლის გაზაფხულზე გადაეგზავნება.

როგორც ცნობილია, ახალი გზის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ  ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მომავალი წლის ბიუჯეტზე ისაუბრა, რომელშიც ერთ-ერთ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები დასახელდა. მათ შორის არის, რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, ასევე ქუთაისი-აბასთუმანის დამაკავშირებელი გზა, საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა და ქუთაისიდან მესტიამდე მიმავალი გზა.

„ქუთაისიდან მესტიამდე ახალი გზა რამდენიმე კილომეტრიანი გზა იქნება და შემდეგ უკვე 5-8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება. ახალი გზის სიგრძე დაახლოებით 40-45 კილომეტრი იქნება. დეტალური პროექტირება ინტენსიურ ფაზაშია. რამდენიმე რთული მონაკვეთია და ტექნიკური გადაწყვეტილებებია მისაღები. იმედია, კონტრაქტის თანახმად, გაზაფხულზე საბოლოო ვერსიას მოვამზადებთ. მზად რომ გვექნება პროექტი, მისი სავარაუდო ღირებულება გვეცოდინება, მთავრობას წარვუდგენთ და ის გადაწყვეტს, როდის და როგორ დაფინანსდეს ეს პროექტი“, - აღნიშნა სეთურიძემ.

მისივე თქმით, პროექტირებას ხორვატიული კომპანია „აი ჯი ეიჩი“ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამასთან, სეთურიძე აცხადებს, რომ სვანეთის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ გზას დიდი მნიშვნელობა ექნება.

„ეს იქნება რეგიონთაშორისი დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. სვანეთი, როგორც ტურისტული რეგიონი, აქტიურად ვითარდება. ახალ გზას კი დიდი დატვირთა ექნება, რადგან სვანეთის ეკონომიკური განვითრებაში თავის წვლილს შეიტანს. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც დიდი მნიშვნებლობა ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გაცილებით უფრო უსაფრთხო. მგზავრობის დრო  ქუთაისიდან მესტიამდე ორსაათანახევრამდე შემცირდება. ახალი გზის აშენება ეკონომიკისა და სავაჭრო ურთიერთობებისთვისაც ძალიან ხელსაყრელია. დასრულების ვადების თქმა ჯერჯერობით რთულია, რადგან გვირაბი საკმაოდ დიდი იქნება და ტექნოლოგიურად მშენებლობას რამდენი დრო დასჭირდება, არ ვიცით“, - აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ამოქმედება და მშენებლობების დაწყება იგეგემება, რაც რეგიონებს ერთმანეთთან შედარებით მოკლე გზებით დააკავშირებს.

„მომავალი წლიდან ქვეყანა რამდენიმე ასეთ უმოკლეს გზას ააშენებს, რომლებიც რეგიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მაგალითად, იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი-რაჭა და კიდევ რამდენიმე მარშუტი მუშავდება. რაც შეეხება საჩხერე-ონის გზა, აქ უკვე პირველ სექციებზე სამშენებლო ტენდერები გვაქვს გამოცხადებული და 2020 წლისთვის სრულიად ახალი მარშუტი გვექნება. მომავალ წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი რიკოთის უღელტეხილი იქნება. ამ ეტაპზე დაგეგემილ ვადებში ვმოქმედებთ. მომავალი წლის გაზაფხულზე რიკოთის სექციების სატენდერო პროცედურები დაიწყება და წლის ბოლომდე სამშენებელო კომპანიას გამოვავლენთ“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია. 53 კილომეტრის სიგრძის გზაზე ოთხზოლიანი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 90 ხიდი და 40-ზე მეტი გვირაბი აშენდება.  

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.