ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკაა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, ქუთაისის აეროპორტი 42,777 მგზავრს მოემსახურა, მაჩვენებელი პანდემიამდელ, 2019 წლის ოქტომბერთან 48%-ით აღდგა.
დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის თვალსაზრისითაც. ოქტომბერში აეროპორტში რეისების 65% აღდგა და 195 რეისს მოემსახურა (2019 წლის სექტემბერში - 298 რეისი).
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 22 მიმართულებით ოპერირებს.
"22 რეისიდან ყაზახეთის 4 და ევროპის 18 მიმართულებით სრულდება. ოქტომბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 166 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ქუთაისიდან ბარსელონას, ვენისა და ბერლინის მიმართულებით აღადგინა პირდაპირი ფრენები. 15 დეკემბრიდან კი სრულიად ახალი, აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
business-partner.ge