ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირების 4 ვარიანტი განიხილება
28 ივნისი, 2017

ქუთაისის აეროპორტის სარკინიგზო ხაზთან ეფექტიანი დაკავშირებისთვის „საქართველოს რკინიგზამ" გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) წინასწარი ანგარიში წარადგინა, რომლის საჯარო განხილვა 11 აგვისტოს, ქუთაისის აეროპორტში მოხდება.

მგზავრთა კომფორტული მომსახურებისთვის, გზშ-ს ანგარიშში პროექტის 4 ვარიანტია განხილული და რეკომენდაცია მე-3 ვარიანტს აქვს მინიჭებული, კერძოდ, დამატებით ახალი 2.6 კილომეტრიანი ლიანდაგის აშენებას, აეროპორტის ახალ სადგურთან, რომელიც თავის მხრივ, გადასასვლელი ხიდით დაუკავშირდება პარკინგს და აეროპორტის შენობას.

„ეს ალტერნატივა მოითხოვს დამატებით ინვესტიციას, დროს და კერძო მიწების გადაკვეთას.საჭიროებს ყველაზე მეტ ძალისხმევას ლიანდაგისთვის, საისრე გადამყვანისთვის და სადენებისთვის მაგრამ, ამ შემთხვევაში დამტებითი ტრანსპორტის შეძენისთვის ხარჯები გასაწევი არ არის და ამასთან, საინვესტიციო ხარჯები მნიშნელოვნად დაბალია ალტერნატივა 2-ის საინვესტიციო ხარჯებთან შედარებით", - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ხაზის მშენებლობა საქართველოს რკინიგზის გათვლით 2.7 მლნ ევრო დაჯდება. გერმანული IFB-ის გათვლით კი, 4.810 მლნ ევრო.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მგზავრთნაკადის ზრდის და დაბალი საოპერაციო ხარჯების გამო ეს ვარიანტი ყველაზე მისაღებია, იმ ფაქტორების გათვალისწინებითაც, რომ ახალი სარკინიგზო ხაზზე შესაძლებელია არსებული მოძრავი შემადგენლობის გამოყენება და რკინიგზის განრიგის მხოლოდ ოდნავი ადაპტირებით არის შესაძლებელი მათი დატვირთვა.

ამასთან, სხვა ვარიანტებს შორისაა მგზავრების ავტობუსებით გადაყვანა აეროპორტს და კოპიტნარის სადგურს შორის, ელექტრო მატარებლის მომსახურება ქუთაისის აეროპორტიდან კოპიტნარის რკინიგზის სადგურამდე და რკინიგზის მთავარ ხაზზე ახალი სარკინიგზო ბაქანის და დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის საფეხმავლო გზის აშენება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  აეროპორტს, მისი ადგილმდებარეობის მხედველობაში მიღებით, რეგიონში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. თბილისიდან ორას კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 300კმ რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა. აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი. 

როგორც ცნობილია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობას საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს ჩაუყარა. როგორც მაშინ საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, პროექტი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. სარკინიგზო სადგური მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებს.

ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება.

პრემიერის შეფასებით, ახალი სარკინიგზო ხაზი, აეროპორტთან ერთად, იქნება იმ დინამიკის სიმბოლო, რომლისკენაც საქართველო იწრაფვის - იყოს თანამედროვე, ევროპული დაგეგმარების მქონე ქვეყანა ძალიან სწრაფი დინამიკით.

"ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური "სტადლერის" მატარებლით. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური აქედან რამდენიმე საათში შეძლებს, მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში - იქნება ეს ჩვენი მთის თუ ზღვის კურორტები", - განაცხადა მაშინ პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ რკინიგზისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქუთაისს, გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი.

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.