ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა წარმატებით განხორციელდა
26 თებერვალი, 2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებსა და ტერიტორიაზე არსებული მდინარეების აუზებში საველე სამუშაოები შესრულდა. კვლევის მთავარი მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, გეოგრაფიული შეფასება, მათი პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვა მიმართულებით. 

,,სტუდენტური სამეცნიერო პროექტის კვლევის მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების (ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა) გეოგრაფიული შეფასება, რაც, გარკვეულწილად, შეავსებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შესახებ არსებული გეოგრაფიული მონაცემების სიმწირეს, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებზე ცნობადობის გაზრდასა და სხვადასხვა სახის ტურისტული მიმართულების განვითარებას.

ზოგიერთი ტურისტული ობიექტი არის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის, თუმცა ეს ძეგლები მუდმივად განიცდიან ანთროპოგენიზაციას და ხშირად ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად კარგავენ ბუნებრივ სილამაზეს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ღირსშესანიშაობები იყოს დაცული.

როექტის საკვლევი რაიონი სტუდენტების ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გეოგრაფიული ობიექტები. განხორციელდა დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული კვლევა, მოხდა შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის წარმოადგენლებთან, ყვარლის საგნმანათლებლო რესურსცენტრის, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების თანამშრომლებთან, საჯარო სკოლის პედაგოგებთან, აგრეთვე სოფლის და ქალაქის მოსახლეობასთან. მოხდა ინფორმაციების მოძიება დასახლებული პუნქტების ისტორიული და გეოგრაფიული საინტერესო ადგილების შესახებ. საველე მუშაობების დროს მოხდა ამ ადგილებისა და ობიექტების ფოტოფიქსაცია. ექსპედიციის დროს შეფასდა ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების და მიმდებარე ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი. პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, სამაგისტრო პროგრამის ,,გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება” მეოთხე სემესტრის მაგისტრანტმა მარიამ ბუცხრიკიძემ დაამუშავა მასალები და წარმოადგინა სამაგისტრო ნაშრომი ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება”. ეს ნაშრომი დააინტერესებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებსა და მოგზაურებს.

 

კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები გამოყენებულ იქნა საბაკალავრო პროგრამა ,,გეოგრაფიაში“ დაგეგმილი კონფერენციის თემაში და, ასევე, სამაგისტრო პროგრამის ,,გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ სადიპლომო ნაშრომის კვლევებისათვის. პროექტის ფარგლებში მუშაობის დროს ყვარლის მუნიციპალიტეტის თემატიკა წარდგენილ იქნა თსუ-ში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში – „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის”. მომხსენებლები იყვნენ: მარიამ ბუცხრიკიძე თემით: ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება; ნინო ციკოლია თემით: ,,ეროზიული რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება მდინარე ალაზნის მაგალითზე“, – განაცხადა  პროექტის კოორდინატორმა,  გეოგრაფიის დოქტორმა, თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა.

სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ავტორებმა, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებმა: ნინო ციკოლიამ (ხელმძღვანელი) და ანა გულბანმა,  სამაგისტრო პროგრამის ,,გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტურ დაგეგმარება“ მაგისტრანტმა მარიამ ბუცხრიკიძემ და პროექტის სხვა მონაწილეებმა დაამუშავეს კვლევის მასალები და მისი შედეგები წარმოადგინეს  წიგნში: ,,ყვარლის მუნიციპალიტეტი“. პროექტის კოორდინატორ გიორგი დვალაშვილთან ერთად წიგნის თანაავტორები არიან პროექტში ჩართული სტუდენტები. წიგნში განხილულია ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დეტალურად დახასიათებულია საველე კვლევების დროს მოპოვებული მასალები, საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული ერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტის 22 სოფელი.

 

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ  2023 წელს დაფინანსებული სტუდენტური პროექტის ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ, აქტუალური გახდა სხვა მუნიციპალიტეტების კვლევაც. ამჯერად, ყვარლის პროექტში მონაწილე სტუდენტების მიერ შერჩეულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დაიგეგმა ახალი პროექტის ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევა“ განხორციელება. როგორც სტუდენტების მიერ მოძიებული ცნობებით გაირკვა, ბოლნისის მუნიციპალიტეტს აქვს რესურსი, რომელიც სრულად ჯერ არ არის ათვისებული“, – აღნიშნა  გეოგრაფიის დოქტორმა  გიორგი დვალაშვილმა,  რომელმაც პროექტში მონაწილე სტუდენტების ორგანიზატორულ ნიჭზეც ისაუბრა და ახალგაზრდებს შემდგომი წარმატებები უსურვა.

tsu.media

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.