ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყვარელში ფერისცვალების სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
16 ივლისი, 2018

ყვარელში მდებარე 1808 წელს აშენებული ფერისცვალების სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზულია (10.9×6.5 მ). ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით. კუთხეებში, თაღების, ლავგარდნის და ფასადთა შემკულობისთვის გამოყენებულია აგური.

აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია, მათგან ჩრდილოეთის და სამხრეთის დასავლეთ ნაწილში გაჭრილი სარკმლები ვიწრო და შეისრულია, დანარჩენი ფართო და თაღოვანი.

კედლები აგურის ოთხმაგი ლავგარდნითაა დასრულებული. გადახურულია კრამიტით.

დასავლეთის მხარეს დადგმულია ცემენტით აღდგენილი სამრეკლო-ფანჩატური. აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდია, რომლის კონქი ფართო მხრებსა და შეისრულ თაღს ეყრდნობა. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში ორ-ორი სხვადასხვა ზომის ნიშაა.

საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესია შეისრული კამარითაა გადახურული, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ერთი კრონშტეინებზე დაბჯენილი თაღი დარბაზის შუაშია, მეორე კი დასავლეთის კედლის კუთხეებში არსებულ პილასტრებზე გადადის. ეკლესიის ფასადები აგურითაა გაფორმებული: აღმოსავლეთის ფრონტონში ერთი, დასავლეთისაში კი სამი ჩაღრმავებული კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული.

დასავლეთის კედელში, კარის თავზე თეთრ მარმარილოში ამოკვეთილი მხედრული წარწერაა: „1808 წელსა აგვისტოს 18 აღვაშენეთ ეკლესიას ფერისცველებისა ჩვენ იმერლიშვილმა დემეტრემ და ჭერაშვილმა ნადირამ საოხად სულისა ჩვენისა შვილთა და მომავალთა, სახლისა ჩვენისათა და დასაკვლელად ჩვენად და შთამომავალთა სახლისა ჩვენისათა რომელ ვყავთ სასაფლაოდ და მოსახსენებლად სულთა ჩვენთა აღმომკითხველნი ამის წერილისან შენდობას გვიბრძანებდეთ“.

ეკლესიის ძეგლის მახასიათებლებია: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები: ეპოქის მახასიათებელი შეისრული თაღები, სარკმლები და კარები, ფასადების აგურის რომბებითა და ჯვრებით მოპირკეთება

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.