მომავალი წლიდან ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი უკვე დამტკიცებულია. ბილიკის მშენებლობის დაწყების შემდეგ კი როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის სრულად დასრულება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება.
“უკვე გადაწყდა, დაპროექტდა და დაიწყება ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა ლაგოდეხის ნაკრძალში, რაც მე ვფიქრობ, რომ უნიკალური პროექტი იქნება და ამ დაცული ტერიტორიის მონახულებას გაათმაგებს და უფრო მეტად საინტერესოს გახდის.
პროექტი უკვე დამტკიცებულია და მომავალი წლიდან მშენებლობის ფაზაში შევა. მომავალი წლის ბოლოსთვის კი უკვე იმედია დასრულდება”-აცხადებს კახეთის გუბერნატორი.
ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. აღნიშნული ბილიკი, კი წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.
bm.ge