საკლუბო ბიზნესს ლარის გაუფასურებამ გაყიდვები 30%–ით შეუმცირა– კლუბ „მტკვარის“ და „ხიდის“ მფლობელები პასუხისმგებლობას მთავრობას და ეროვნულ ბანკს აკისრებენ
„ლარის გაუფასურება საკლუბო ბიზნესს უდიდეს დარტყმას აყენებს. კლუბი „მტკვარი“ 2012 წელს გაიხსნა და ყოველ წელს უკან მივდივართ, წინა წელთან შედარებით წელს გაყიდვების 30 პროცენტი კლება გვაქვს“, – ასე აფასებს ლარის გაუფასურებას კლუბ „მტკვარის„ მფლობელ ქეთა გაბუნია.
როგორც ის „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გრძელვადიანი გეგმების დაწყობა ბიზნესისთვის შეუძლებელია. ქეთა გაბუნია ეროვნული ვალუტის ბოლო დროინდელ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს აკისრებს.
„ლარის გაუფასურება დიდი დარტყმაა ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც რაღაცით მაინც არის დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე, ჩვენს შემთხვევაში ეს არის სასმელი, უცხოელი არტისტების ანაზღაურება და ა.შ. პროცესებზე პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საქართველოს მთავრობამ და შემდეგ უკვე ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ამ მთავრობის მითითებებს ასრულებს და არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად.
ისეთი განწყობა მრჩება, რომ ორკესტრირებულად შეთანხმებულად მუშაობენ. ანტირეკორდი დაამყარა ლარმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ ლარი თავისუფალი თინეიჯერია, მუდმივად მსგავს განცხადებებს ვისმენთ, არც ერთხელ არგუმენტირებული პასუხი არც ერთი პასუხისმგებელი პირისგან ჩვენ არ მოგვისმენია. ყოველთვის არის გარე რყევები, ხან მარჯვნიდან გვიბერავს ხან მარცხნიდან. შესაბამისად, ეს აჩენს ეჭვს, რომ ან უბრალოდ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა ან უბრალოდ ამ ყველაფრით ჯიბეს ისქელებენ და მართავენ ისე როგორც ჰქონდათ ჩაფიქრებული“, – განაცხადა ქეთა გაბუნია.
გაყიდვების 30 პროცენტიანი კლება აქვს კლუბ „ხიდსაც“. კლუბის მფლობელი თამუნა აქსანდერიეროვნული ვალუტის ერთ ნიშნულზე დასტაბილურებას ითხოვს.
„არტისტებს ანაზღაურებას ევროში ვუხდი, ბილეთებს ევროში ვყიდულობ, სესხიც ან დოლარში გვაქვს ან ევროში, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. კარგი იქნება კურსი ერთ ნიშნულზე დასტაბილურდეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა თანხა უნდა გადავიხადოთ, ადრე თუ 10 000 ევროს ვყიდულობდით 27 000 ლარად, ახლა 33 000 –ს ვიხდით. ფასებს ვერ ვზრდით ვერც ბარში, ვერც ბილეთებზე, რადგან ადამიანებს ფიზიკურად არ აქვთ ფული, სტუმრები კლუბში უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავენ“,– აცხადებს თამუნა აქსანდერი.
30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმადე გაუფასურდა. განახლებული კურსით ერთი დოლარი 2.9507 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1.61 თეთრით მეტია. ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. ამჟამად ერთი ევრო 3.2889 ლარი ღირს.
Commersant.ge