ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სავალუტო რყევებმა და ინფლაციამ ჯუთაში სასტუმრო „მეხუთე სეზონის“ ფასებზე იმოქმედა
16 აგვისტო, 2021

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მიერ საქართველოს „წითელ ზონად“ გამოცხადება ტურისტულ ბიზნესზე საგრძნობლად აისახა.  თუმცა მთაში დასვენება და ხალხმრავლობისგან თავის დაღწევა პანდემიის პერიოდშიც აქტუალურია.  როგორც „კომერსანტს“ ყაზბეგის რაიონის  სოფელ ჯუთაში მდებარე სასტურმოს „მეხუთე  სეზონის“ დამფუძნებელმა გელა არაბულმა უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ბიზნესზე დიდ გავლენას ახდენს, სასტუმრო დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის და 2021 წელს მათთან მომხმარებელთა რაოდენობამ 2019 წლის ნიშნულს მიაღწია. თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასების დაკორექტირება რამდენჯერმე მოუწიათ.

„პანდემია დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, თუმცა დამსვენებლების  რაოდენობას არ ვუჩივით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რამდენიმე ქვეყანამ წითელ ზონაში შეიყვანა, აგისტოში ქართველი დამსვენებელი უფრო მეტი გვყავს, წლის დასაწყისში კი ძირითადი დამსვენებლები უცხოელი ვიზიტორები იყვნენ.

საფასო პოლიტიკა ბევრჯერ შევცვალეთ. გასულ წელს, იმ პერიოდში, როდესაც მუშაობის შესაძლებლობა გვაქონდა, ჩვენი ფასები ქართველ მომხმარებელს მოვარგეთ და შედარებით იაფი იყო. თუმცა წელს ლარის გაუფასურებამ და პროდუქტის გაძვირებამ იძულებული გაგვხადა, რომ ფასები გაგვეზარდა, რაც 2019 წლის ფასებთან შედარებით მაღალია. ჩვენ სატუმრომდე პროდუქტის ამოტანაც ძვირი გვიჯდება, რადგან სოფელ ჯუთას შემდეგ ჩვენ სასტუმრომდე სამანქანო გზა აღარ არის და პროდუქტის  ცხენებით ამოტანა გვიწევს, რაც საკმაოდ დიდ  თანხებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა გელა  არაბულმა.

მისივე თქმით, „მეხუთე სეზონში“ დამსვენებლები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან ყველა ნომერს ინდივიდუალური შესასვლელი გარედან აქვს და მომხმარებლები ერთმანეთს  დერეფანში  ვერ  ხვდებიან. გარდა ამისა, სასტუმრო იცავს მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა რეკომენდაციას. არაბულის თქმით, ამ ეტაპზე სიახლეებს ვერ გეგმავს, რადგან ბიზნესი მთლიანად პანდემიაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება სიახლეებს ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული – პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.  ჩვენზე ყველაფერი გავლენას ახდენს, პანდემია, ლარის კურსის თამაში და სხვა ფაქტორები. „მეხუთე სეზონს“ უნიკალური მდებარეობა აქვს, დღეს ყველას უნდა ხალხმრავლობიდან გაქცევა და დაცულად ყოფნა, ჩვენთან მთლიანად ბუნებაში ხარ ნომრებსც კი ინდივიდუალური შესასვლელი აქვს და დერეფანში სიარული და ვინმესთან შეჩეხება არ გიწევს“, -  აღნიშნა გელა არაბულმა.

მკაცრი კლიმატის გამო სასტუმრო „მეხუთე სეზონი“ მხოლოდ ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში მუშაობს, ზამთარში სრულიად ჩაკეტილია, რადგან  ხეობაში მოხვედრა ზვავსაშიშორების გამო საშიშია, რაც შეეხება გაზაფხულს, მეხუთე სეზონი მხოლოდ იმ შემთხევაში  იხსნება, თუ ადამიანების გარკვეული ჯგუფი სკი ტურს დაგეგმავს.

სასტუმრო „მეხუთე  სეზონი“ 2015 წელს გაიხსნა.  ის  სოფელ ჯუთაში ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. დღეის მონაცემებით, პანორამული ნომრის ფასი საუზმით 360 ლარია, ხოლო ჩვეულებრივი ნომრის ფასი 90 ლარიდან იწყება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.