ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლარიზაციის გამო, ტურიზმის სექტორში ფასებმა მოიმატა
25 ივლისი, 2017

"გუდაური ჰელი-სკის" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ლარიზაციით ტურიზმის სექტორში შექმნის პრობლემებზე საუბრობს. ასათაშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები თავის დაზღვევის მიზით შეთავაზებებს ძვირად აკეთებენ. 

"კანონმა გამოიწვია ორაზროვანი განმარტებები, რთულია მიხვდე რას გულისხმობს ტექსტი და გაიგო როდის უნდა მიუთითო ფასი ლარში და როდის არა. ბევრმა მოთამაშემ გადაწყვიტა ძალიან მაღალი ფასი მიუთითოს. 

ფასებმა ბაზარზე მოიმატა. ლარიზაციის ინიციატივა საერთოდ არ უნდა შეხებოდა ტურიზმს, რადგან განსხვავებული სპეციფიკისაა - გვიწევს უცხოურ ვალუტაში მუშაობა“, - ამბობს ასათაშვილი. ამასთან ასათაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები ათვისებული არაა. ამისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ასახელებს. 

„ითვლება, რომ ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, მაგრამ არა სტაბილური, რადგან სისტემურად აწყობილი არაფერი გვაქვს. 

განსაკუთრებით გამოვყოფდი მთიან რეგიონებს. მართალია, სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ-ჯერობით ძალიან ბევრია. ყველაფერს კერძო სექტორი ვერ განავითარებს. გვჭირდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, ობიექტები და ახალი სასტუმროები. მცირე ზომის სამთო სასტუმროები მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ძვრები არს. რეგიონებში ასეთი რამდენიმე იხსნება, რაც ძალიან კარგია, რადგან ხელს უწყობს, როგორც მოსახლეობის დასაქმებას, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს კიდევ წლები სჭირდება, რომ განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს, თუმცა კარგია, რომ ამ მიმართულებით ძვრები არის და იმედი მაქვს, პროცესი ისევ ასე პოზიტიურად განვითარებადი ტენდენციით გაგრძელდება. 

ჩვენ გვინდა, რომ საჰაერო გადაზიდვები შევთავაზოთ ისეთ სექტორებს, როგორიც სამშენებლო სექტორია, რადგან იგი ისევ ძველმოდური, ტრადიციული მეთოდებით მუშაობს. ამ შემთხვევაში ჩვენ მათ სწრაფ, ხარჯთან მიმართებით ეფექტურ გადაზიდვას ვთავაზობთ. არის ადგილები, სადაც ჯერ გზა არ არის, იქ მარტო გზის გაყვანა იმხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად მინიმალურია და ძალიან დიდი პლუსიც. ასევე აუცილებლად გვინდა გავაკეთოთ, სამაშველო სამსახურის კომერციალიზაცია, რადგან მართალია, ეს ახლა სახელმწიფოს ტვირთია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ბიზნესი და არ არის ვალდებულება, ისევე როგორც სამედიცინო სექტორი. ჩვენი სურვილია, ჩვენი ენერგია ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავხარჯოთ, რომ მაქსიმუმ ორი წლის მანძილზე ძირითად სამთო რეგიონებში საჰაერო სამაშველო სისტემა გავუშვათ, რათა ნებისმიერ ადამიანს თუ დახმარება დასჭირდება დაგვიკავშირდეს და მათ ძალიან მარტივად და იაფად, სადაზღვევო კომპანიების საშუალებით უსაფრთხო ადგილზე ჩამოვიყვანთ“, - ამბობს ასათაშვილი.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.