ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო "სამზეო ყვარელში" შემოდგომაზე გახსნის. სასტუმროს შემდეგ, უკვე 2-3 წელში გაიხსნება შატოც.
როგორც პაპაშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, პროექტი გაფართოვდა,დაემატა აუზი და ა.შ. გაიზარდა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც.
ბიზნესმენის ინფორმაციით, "სამზეო ყვარელში" 85 ნომრიანი იქნება, კომპლექსის ნაწილი იქნება რესტორანიც. პროექტის გაფართოებამ მისი საინვესტიციო ღირებულება $2 მილიონით გაზარდა. ჯამში, შატოს და სასტუმრო კომპლექსში $8 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება.
ლაშა პაპაშვილი წლებია ყვარელში საკუთარ ვენახს ფლობს, რომელიც 45 ჰექტარზეა განთავსებული და როგორც ბიზნესმენი განმარტავს, საერთაშორისო, პრემიუმ კლასის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, რაც ჰექტარზე მოსავლიანობითა და სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება, ღვინოსაც, სწორედ იქ მოწეული მოსავლით ამზადებს.
შპს "ყვარლის მარანის" ღვინოები მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი. კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს, რქაწითელს, ქისს და ხიხვს.
business-partner.ge