ლაშა პაპაშვილი:„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს“
„რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს,“—ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთმა პირდაპირი ავიარეისები კი აკრძალა, მაგრამ ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა.
„ რუსებმა ტრანზიტული ქვეყნებიდან საქართველოში 6-7 წელი იფრინეს. ეს ნაკადი ეხლაც გაგრელდება. ვისაც ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა,“— აცხადებს პაპაშვილი.
მისი განმარტებით, ქვეყნისთვის ეს არის მცირე შოკი, თუმცა, მსგავსი რამე ქვეყანას უკვე გავლილი აქვს.
„პირველი აცრა 2006 წელს გავიკეთეთ და მგონია, რომ ამ პრობლემებს მარტივად გავივლით. რა თქმა უნდა, მცირე უსიამოვნებები იქნება, ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებით სასტუმროების დაბალ სეგმენტში, მაგრამ გადავიტანთ,“— ამბობს პაპაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, აღნიშნული პერიოდიდან შეაჩერონ მომსახურების გაწევა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.
Commersant.ge