ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMG-ისთან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. პაპაშვილის უმსხვილეს მიმდინარე პროექტს დღეს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 160-ნომრიანი სასტუმროს Hilton Garden Inn-ის პროექტი წარმოადგენს. ინვესტიციის ღირებულება 35 მილიონ დოლარს შეადგენს.
ყოფილი ბანკირი და “რედიქსის” ჯგუფის დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის სექტორშიც ფლობს პროექტებს. ლაშა პაპაშვილის თქმით, დღეს საქართველოში რძის წარმოების განვითარებას საგადასახადო სისტემა აფერხებს, პაპაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა დააჩქაროს მამუკა ბახტაძის ინიციატივის განხილვა, რაც რძის წარმოების დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ბიზნესმენი ახორციელებს თუშეთში ახალი სასტუმროს მშენებლობაა.
“2019 წელს თუშეთი და “ჰილტონი” უნდა დავასრულოთ. თუშეთში 43-ნომრიანი, საერთაშორისო ინდუსტრიის სტანდარტებით მოწყობილი სასტუმრო იქმნება. “ჰილტონი” კი საშუალო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო იქნება. სასტუმრო Hilton Garden Inn-ის ბრენდის იქნება.
არაფერს ვამბობ სოფლის მეურნეობაში შედარებით წვრილ პროექტებზე, რომლებიც ახლა დავიწყეთ. ეს არის ზეთისხილის ბაღები, თაფლის წარმოება და ასე შემდეგ. თუშეთის პროექტი დაახლოებით $6-7 მილიონი დოლარი ღირს, სასტუმრო “სამზეო” ამ სეზონზე გაიხსნება.
ფერმის წარმოება დღეში 23 ტონა რძეს შეადგენს. ყველა მსხვილი მოთამაშე ყიდულობს ჩვენგან, ეს არის სანტე, აგროჰაბი, სოფლის ნობათი თუ კარფური. ჯერ-ჯერობით ისევ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თავად მივიღოთ მონაწილეობა გადამუშავების პროცესში, ალბათ ეს უფრო მოგვიანებით იქნება. ჯერ-ჯერობოთ ისევ ძალიან მაღალია საღ რძეზე მოთხოვნა, ერთი კიდევ შენიშვნა მთავრობას, რაც პრემიერ-მინისტრმა თავის საარჩევნო პროგრამაშიც კი ჩაწერა, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე მიღწეული არ არის. ასევე პირადად ვესაუბრე პარლამენტის რამდენიმე მიმართულების ხელმძღვანელს მაგრამ ვერ მივაღწიე, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს საღი რძით წარმოებული ყველა პროდუქცია. ეს პროექტი პრემიერს თავის საპროგრამო დოკუმენტშიც უწერია. ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული ეს კანონი. გვპირდებოდნენ პირველი იანვრიდან, შემდეგ გადაიწია პირველ აპრილამდე, ჯერ-ჯერობით არ ჩანს და არ არის შესული ძალაში”- ამბობს პაპაშვილი.