ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლენტეხში აგრარული ბაზარი გაიხსნება, სადაც ბიოპროდუქცია გაიყიდება
17 ივლისი, 2023

ლენტეხში აგრარული ბაზარი გაიხსნება, სადაც ბიოპროდუქცია გაიყიდება. საინვესტიციო პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება, პროექტის - „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ ფარგლებში.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი აცხადებს, შედგა ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია, სადაც საქართველოს 4 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტის მერს შესაძლებლობა მიეცა, პროექტის ფარგლებში, დაფინანსებისთვის შერჩეული ინიციატივები წარმოედგინათ. მათ შორის იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტიც და მასთან საგრანტო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„სწორედ ამ გრანტით, აღვადგენთ ლენტეხში აგრარულ ბაზარს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მოგეხსენებათ, ოდითგანვე ლენტეხის მუნიციპალიტეტს ჰქონდა საკუთრი აგრარული ბაზარი, სადაც ხდებოდა ადგილობრივი მეწარმეებისგან წარმოებული ბიოპროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. ამ ბაზრის აღდგენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლენტეხისთვის, არამედ სხვა ქალაქებისთვისაც, გამომდინარე იქიდან, რომ ლენტეხში ამოდიოდა სხვადასხვა ქალაქებიდან ხალხი და ჩვენთან მოყვანილ ბოპროდუქციას ყიდულობდა“, - განმარტა გია ონიანმა.

მისივე ინფორმაციით, ლენტეხის აგრარული ბაზრის პროექტი არის 104 ათასი ლარის ღირებულების, თანადაფინანსება ხდება 75 ათასი ლარით. პროექტის განხორციელების ვადა 2 თვე-ნახევარია.

შეგახსენებთ, საქართველოს 4 რეგიონში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, საინვესტიციო პროექტები განხორციელდება. ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოს რეგიონებში, დიდ ქალაქებთან, კერძოდ თბილისთან და ბათუმთან მიმართებაში - ეს არის  ძირითადი მიზანი პროექტის, სახელწოდებით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“.

პროექტი ორიენტირებულია, რომ გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში, ესენია- გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. ამასთან, პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.