LES ROCHES: „საქართველოში ტურიზმის სფეროში ტოპ-მენეჯერების 80% უცხოელია – ასე გაგრძელება არ გამოვა“
ტურიზმის სფეროში საქართველოში ტოპ-მენეჯერის 80% უცხოელია – ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შვეიცარული სკოლის – LES ROCHES-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს დიეს დე ლა ლასტრამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას უცხოელი ლიდერებისთვის და მათი საქართველოში ჩამოყვანისთვის დიდი ფინანსების გაღება უწევს.
„როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში? დააკვირდით და ნახავთ, რომ ტურიზმის სფეროში თითქმის ყველა ტოპ-მენეჯერი, დაახლოებით, 80% – უცხოელია. ამ უცხოელი ლიდერებისთვის ქვეყანას ძალიან დიდი ფინანსების გადახდა უწევს იმისთვის, რომ მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. თუ საქართველოს უნდა ლიდერი გახდეს ტურიზმის მიმართულებით რეგიონში, მაშინ ასე გაგრძელება არ გამოვა. ტოპ-მენეჯერების გადამზადებით შეიქმნება ერთგვარი ციკლი, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს ადგილობრივი პროფესიონალების ყოლას. ქვეყანამ უნდა შექმნას ტალანტები და შეინარჩუნოს ისინი“, – აცხადებს LES ROCHES-ს აღმასრულებელი დირექტორი.
გარდა ამისა, ის საქართველოს ტურიზმის სფეროში მთავარ გამოწვევად კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობას ასახელებს და მაგალითად, ბარსელონა მოჰყავს, სადაც ამ კოლაბორაციამ ტურიზმი სულ სხვა დონეზე აიყვანა.
“მე გეტყვით ოთხ ძირითად ფაქტორს, რაც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს: პირველი – უნდა გქონდეთ ისეთი საინტერესო ქვეყანა, რომ ადვილად დააინტერესოთ ტურისტები – ამ კრიტერიუმს საქართველო ნამდვილად აკმაყოფილებს; მეორე – ეს არის ფინანსური რესურსი, კაპიტალის დაბანდების პოტენციალი და შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში, ნამდვილად გყავთ ისეთი უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები, რომლებსაც ამის რესურსიც და მზაობაც აქვთ; რაც შეეხება დანარჩენ ორი ფაქტორს, ჩემი აზრით, პრობლემაა კერძო და საჯარო თანამშრომლობის ხარისხი და სათანადო ადამიანური რესურსის არარსებობა“, – აცხადებს LES ROCHES-ს აღმასრულებელი დირექტორი.