ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, პირველი არასუბსიდირებული რთველი წარმატებული იქნება
04 სექტემბერი, 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ რთველი კახეთში წარმატებულად და ორგანიზებულად ჩატარდება. 

მისი თქმით, დივერსიფიცირებული ბაზრები, გაზრდილი ღვინის ექსპორტი და საწარმოების რაოდენობა, იძლევა ამის საფუძველს.

„კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე დაიწყო. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა იძლევა იმის წინაპირობას, რომ რთველი-2018 ჩატარდება ორგანიზებულად და, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი არასუბსიდირებული რთველი, წარმატებულად ჩაივლის. მეწარმეები და მევენახეები თავად შეთანხმდებიან ფასზე ყურძნის ხარისხისა და კონდიციიდან გამომდინარე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი რთველის მიმდინარეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში გაეცნო.  ლევან დავითაშვილი სამთაწყაროელი მევენახის, ნიკოლოზ სარდალაშვილის რთველს დაესწრო, რომელიც 2 ჰექტარზე რამდენიმე ჯიშის ყურძენს აწარმოებს.

როგორც თავად მევენახე აცხადებს, ბოლო წლებში მას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია. მიმდინარე წლესაც, არასუბსიდირებული რთველის პირობებში, ის თავად შეუთანხმდა მეწარმეს ყურძნის იმ ფასზე, რომელიც მისთვის მისაღები იყო.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში დარეგისტრირებულია 80 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. 23 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია რთველის პროცესში. გადამუშავებულია 5 ათასამდე ტონა ყურძენი.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.