ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო გააგრძელებს შიდა ფრენების სტიმულირებას
08 თებერვალი, 2024

სახელმწიფო გააგრძელებს შიდა ფრენების სტიმულირებას, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2024 წელს დაგეგმილია თბილისის, ქუთაისის, მესტიის და ასევე, თელავის აეროპორტის განვითარება. 

"ავიაციის მიმართულებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება. 2024 წელს ჩვენ გვექნება დეტალური კვლევები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში მოხდეს ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბება მომავალში თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ჩვენი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ პროექტი ვაზიანის ახალ ლოკაციაზე განვითარდა, დედაქალაქს 18 მლნ მგზავრზე მეტის მიღება შეეძლება. 2024 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენ. განვითარების გეგმა. ასევე გაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ახალი ზოლის მშენებლობა და საჰაერო ხომალდებისთვის გამტარიანობის გასაუმჯობესებლად ახალი ბაქნის მშენებლობა. ასევე, წელსვე მოეწყობა პირველი მცირე სატვირთო  ტერმინალი ქუთაისში, რაც  სატვირთო ოპერაციების განვითარების საშუალებას მოგვცემს, ავია მიმართულებით მთელ დასავლეთ საქართველოში.

სახელმწიფო გააგრძელებს შიდა ფრენების სტიმულირებას. დაგეგმილი გვაქვს თელავის აეროპორტის განვითარება, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. ამასთან, აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტების მისაღებად 2024 წელს ჩვენ გვექნება დეტალური კვლევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით. 

სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით გაგრძელდება ე.წ. ღია ცის პოლიტიკა, რაც გულისხმობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვას ბაზარზე და ჩვენ 2023 წელს გვქონდა მნიშვნელოვანი პროგრესი, როდესაც 9 ახალი ავიაკომპანიის შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში", - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ქართულ ავიაკომპანიებს თურქეთის ნებისმიერ ქალაქთან თავისუფალი წვდომა ექნებათ.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.