ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: „ქართული ღვინო საშუალო და საშუალოზე მაღალი ხარისხისაა“
19 თებერვალი, 2019

„სახელმწიფო არ არის ღვინის ხარისხის გარანტი, სახელმწიფო არის ხარისხის შესაბამისობის გარანტი და მაკონტროლებელი,“ – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.

„კომერსანტი“ ღვინის ხარისხის კონტროლის თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ღიად განაცხადა, რომ  ღვინის მწარმოებლები ექსპორტის დროს ერთმანეთთან საფასო კონკურენციაში შედიან და ღვინის ფასს დაბლა სწევენ. მისი თქმით, უცხოურ ბაზარზე შესვლისას ქართველმა მეღვინეებმა ფასთა კონკურენციით კი არ უნდა იჭიდაონ, არამედ პირიქით – მაღალხარისხიანი პროდუქციითა და ბაზრების მოძიებით.

ამ საკითხის შეფასებისას ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა “კომერსანტთან“ საუბარში ღიად ისაუბრეს  ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

როგორც  ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს,  ბოლო 2 წელიწადია, ფასებით „ჭიდაობა“ განსაკუთრებით ტრადიციულ ბაზრებზე შეინიშნება, ოღონდ ეს ხარისხის სერიოზული გაუარესების ხარჯზე ხდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი  ლევან მეხუზლა “კომერსანტთან“ საუბარში განამრტავს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმები ბოლო პერიოდში კიდევ მეტად გამკაცრდება. თუმცა, ხარისხის გამოსწორებაზე მხოლოდ სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს და ეს, პირველ რიგში, მწარმოებლების საზრუნავია.

“ამჟამად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო საშუალო და საშუალოზე მაღალი ხარისხისაა,“ —  განაცხადა ლევან მეხუზლამ. 

რაც შეეხება რაოდენობრივად ღვინის ექსპორტზე გატანის საკითხს, ლევან მეხუზლას განცხადებით, თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლებელია, მალე ქართული ღვინო რაოდენობრივად ექსპორტზე გატანის მაქსიმუმს მიუახლოვდეს.

ლევან მეხუზლას ინფორმაციით, ბოლო წლების მონაცემებით, ღვინის ექსპორტი ევროპასა და ამერიკაში მზარდია. 2017 წელს ევროპაში 6 მილიონ ბოთლამდე ღვინო გავიდა, ხოლო 2018 წელს 7 მილიონ ბოთლ ღვინოზე მეტი. რაც შეეხება ამერიკას, 2017 წლის მონაცემით – 440 ათასი ბოთლი, ხოლო 2018 წელს 470 ათასი ბოთლი ღვინო გავიდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.