საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში სარეკლამო კამპანია დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების სატელევიზიო არხებით გადაიცემა. გარდა ამისა, კამპანია სოციალურ მედიაში რეკლამასა და გარე ბანერების განთავსებას მოიცავს.
ადმინისტრაციის ცნობით, ახალი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გავლენიანი ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვევიან, რომლებიც საქართველოს შესახებ ვრცელ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ. სარეკლამო კამპანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში წლის ბოლომდე გაგრძელდება.
imedinews.ge