ლიზა გრანიკი: ქართველი მეღვინეები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის მოსახვედრად მონდომებით მუშაობენ
ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. კონკურსზე წარმოდგენილი ნიმუშების შეფასების შემდეგ, გამარჯვებულების დაჯილდოება, დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება.
კონკურსზე წარდგენილი იყო 70 როგორც დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ქართველ პროფესიონალებთან ერთად, ჟიურიში მოწვეული იყო ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი. მან კონკურსზე წარდგენილი ქართული ღვინის ხარისხი საუკეთესოდ შეაფასა.
„ეს არის ქვევრის მეორე საერთაშორისო კონკურსი. შესანიშნავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ გაიზარდა ღვინის ხარისხი, უპირველესად საგრძნობლად გაუმჯობესებულია ღვინის სისუფთავე. ჩანს როგორ მონდომებით მუშაობენ ქართველი მწარმოებლები იმისათვის, რომ მათი ღვინოები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის მოხვდეს მათი პროდუქცია“ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონკურსის მიზანია საუკეთესო ქვევრის ღვინოების გამოვლენა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და ქვევრის ღვინის წარმოების ხელშეწყობა.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა. პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
www.travelingeorgia.ge