ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლომონარიუმი კახეთში და უკან დაბრუნებული დამსვენებლები - როგორ აისახა პანდემია „ისევ ყვარელზე“
22 თებერვალი, 2021

,,პანდემიამ, როგორც ყველა სექტორზე, ჩვენზეც იქონია გავლენა, თუმცა შიდა ტურიზმის განვითარებამ ეს კრიზისი გადაგვალახინა. უცხოელი სტუმრები ჩაანაცვლეს ქართველებმა“- ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საოჯახო სასტუმრო ,,ისევ ყვარელის“ მფლობელი ეკა თოდაძე აცხადებს. სასტუმრო 9 ნომრით ყვარლის ცენტრში მდებარეობს.

მისი თქმით, მასპინძლობის კუთხით განვითარების გარდა, ახლო მომავალში გეგმავენ გამოუშვან თაფლი, ღვინო და ხილი, რომელიც ბაზარზე ,,ისევ ყვარელი“-ს ბრენდის ქვეშ გაიყიდება.

„ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ყვარელში, ვინც ამ საქმით დავინტერესდით. თითქმის 10 წლის წინ ჩვენი, საკუთარი სახლი ვაქციეთ საოჯახო სასტუმროდ. მაშინ, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი ასე განვითარებული არ იყო საქართველოში. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია და ბუნებრივი ყოველდღიურობა ვაქციეთ საქმედ, რომელშიც ჩართული ვართ ოჯახის ყველა წევრი და განაწილებული გვაქვს ფუნქციები.

ხშირად ვამბობ, რომ მასპინძლობა მხოლოდ საქმე არ არის, ეს ჰობი და სიამოვნებაცაა ჩვენთვის. თავიდან არ გვყავდა ბევრი სტუმარი, რაც ალბათ, ბუნებრივიცაა. თანდათან ადამიანები, რომლებიც ერთხელ გვსტუმრობდნენ, ბრუნდებოდნენ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ასე დაიბადა სახელის იდეაც - „ისევ ყვარელი“.

სასტუმროს გარდა, გვაქვს ფერმერული მეურნეობა რამდენიმე მიმართულებით. ძირითადად, ჩვენი ოჯახი მეფუტკრეები ვართ. ასევე, გვაქვს მამა-პაპისეული ვენახი, რომელსაც ახლა ვაახლებთ და ახალი საფერავის ჯიშის ვაზი ჩავყარეთ. გვაქვს სასათბურე მეურნეობაც, სადაც სეზონურად მოგვყავს კიტრი და პომიდორი. წელს ვაპირებთ, რომ მარწყვიც მოვიყვანოთ, რომ ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ ჩვენი ხელით მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა აგრო პროდუქტი.

ასევე, აქვე გვაქვს ლიმონარიუმი, რომელიც კახეთისთვის საკმაოდ უჩვეულოა, მაგრამ ლიმონის მოსავალი იმდენად კარგია, რომ მთელი წლის განმავლობაში გვყოფნის ჩვენ და ჩვენს სტუმრებს. ასევე მეცხოველეობის მიმართულებითაც, გვაქვს მეღორეობის ფერმა, რამდენიმე ჯიშის ღორით.

ბუნებრივია, კახეთისთვის ტრადიციული, მევენახეობის მიმართულებაც ათვისებული გვაქვს და ჩვენივე მარანში, ვამზადებთ ქვევრის ღვინოს. ბევრი გეგმა გვაქვს. გვინდა, რომ ეს ღვინოები ჩამოვასხათ და დავბრენდოთ ჩვენი - „ისევ ყვარელის“ სახელით. ასევე თაფლი და ხილიც გამოვუშვათ ბაზარზე “-აცხადებს ეკა თოდაძე.

მისივე თქმით, პანდემიამ ბუნებრივია იმოქმედა მათ სასტუმროზე, თუმცა უცხოელი სტუმრები, ქართველებმა წარმატებით ჩაანაცვლეს.

„პანდემიამდე ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, ისეთი ქვეყნებიდანაც კი, საიდან ვიზიტორებითაც საქართველო დიდად არ არის განებრივრებული. ინგლისიდან, აშშ-დან, ევროპის ქვეყნებიდან. პანდემიამ, როგორც ყველა სექტორზე ჩვენზეც იქონია გავლენა, თუმცა შიდა ტურიზმის განვითარებამ ეს კრიზისი გადაგვალახინა. უცხოელი სტუმრები ჩაანაცვლეს ქართველებმა.

ვცდილობთ ვიყოთ ისეთი მასპინძლები და შევქმნათ ისეთი გარემო, რომ „ისევ ყვარელში“ დაბრუნება კვლავ მოუნდეთ. ეს საქმიანობა არის ჩვენთვის სასიამოვნო და საინტერესო ყოველდღიურობა, ბუნებრივია, ფინანსური შემოსავლის წყაროც. აგრეთვე, გვაძლევს თვითრეალიზების საშუალებას, ყოველ წელს რაღაც ახალს ვამატებთ. შარშან, მაგალითად, მანსარდი გავაფართოვეთ და ძალიან საინტერესო სივრცე გამოგვივიდა ზამთრისთვის, ბუხრით და კავკასიონის ხედებით. წელს ზაფხულიდან უკვე გარე აუზს ავამუშავებთ. სასტუმროში სულ 9 ნომერი და შეგვიძლია 20-25 სტუმრის მიღება“, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

Bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.