ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაჭატიას X ს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
25 მაისი, 2018

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში მდებარე X ს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზულია, სამხრეთის თანადროული მინაშენით. აგებულია X საუკუნეში გადაკეთებულია XIX საუკუნეში.

აშენებულია დამუშავებული კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მთავარი დარბაზის აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი, ასევე თითო სარკმელი აქვს მინაშენის აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით სრულდება. მისი თაღოვანი გადახურვა მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. საკურთხევლის იატაკი ამაღლებულია.

აბსიდის ღერძზე გაჭრილი, გარეთკენ შევიწროვებული სარკმლის ქვეშ ქვის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია.

ტაძრის მორთულობას წარმოადგენს დასავლეთის სარკმლის თავი ნახევარწრიული შუბლით, მინაშენის სამხრეთ კედელში ჩაშენებული სარკმლის თავი, რომელიც ოთხკუთხა გრეხილ ჩარჩოში ჩასმული კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრის რელიეფითაა გაფორმებული (მეორადი გამოყენებისაა, რადგან სარკმელი მხოლოდ ამ ქვის ჭრილია და ქვემოთ არ გრძელდება) და ამავე კედელში ჩასმული მზის საათი ქართული ასომთავრული ასოებით, რომელიც ასევე მეორადი გამოყენებით, თავდაყირაა აქ ჩასმული.

ინტერიერი შელესილი, რის დროსაც დაიკარგა ძეგლის არქიტექტურული დეტალები, მინაშენის აბსიდა ამოშენებული, დაგებულია ახალი იატაკი. არ აქვს ლორფინის სახურავი. მის ნაცვლად ბალახის საფარია ამოსული. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.