ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაჭახელაში ეთნოსოფელი მოეწყობა - ხეობის პოტენციალი და შესაძლებლობები
17 ივლისი, 2018

აჭარის მთავრობა მაჭახელას ხეობის განვითარებას გეგმავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, ეთნოსოფელის ხეობაში მოწყობა ხელს შეუწყობს ბუნებრივი გარემოს დაცვას, ხეობის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, დასაქმებას, ადგილობრივი ეთნოგარემოს და ეკონომიკის განვითარებას.

სად მდებარეობს და რა შესაძლებლობა აქვს ხეობას ეთნოსოფლის განვითარებისთვის? ხეობის შესაძლებლობასა და მდებარეობაზე კონკურსის პირობებშია აღწერილი.

მაჭახელა ულამაზესი ხეობაა და უძველესი ისტორია აქვს. ის განთავსებულია ბათუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან. მაჭახელა მიმზიდველია უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, კოლხური ტყეების სისტემით, ისტორიით, არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლებით, ეთნოგრაფიითა და ყოფა-ცხოვრებით. ხეობამ სახელი გაითქვა თოფი „მაჭახელა“-ს დამზადებით, რომელიც საფუძველს იღებს XVII საუკუნიდან და ის გავრცელებული იყო კავკასიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ფრანგი მოგზაური ჟან მურიე, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს იმოგზაურა აჭარაში წერს, რომ ქედის ბაზრობაზე მოსახლეობას მაუდის, კარაქის, ხილისა და სხვადასხვა ნაწარმთან ერთად გასაყიდად ჰქონდათ გამოტანილი თოფის ლულები. მაჭახელას ხეობაში შეიქმნა ეროვნული პარკი, რომელიც ეკოლოგიური დერეფნის ნაწილს წარმოადგენს, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა (კერძოდ, მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს) და ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (კერძოდ, ჯამილის ბიოსფერულ 9 რეზერვატს) შორის. მაჭახელას ხეობა ხასიათდება ენდემური და რელიქტური სახეობების იშვიათი მრავალფეროვნებით.

ტერიტორია მდიდარია ფაუნითაც. მნიშვნელოვანია ორგანული სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობა. მაჭახლის ხეობა ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგენს. აქ გვხდება სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები, მურყანის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები. მდინარე მაჭახელას ხეობისა და მდინარე ჭოროხის შესართავთან, მთავარანგელოზის მთიდან ულამაზესი ხედები იშლება ზღვის მიმართულებით.

მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების მიზნების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანებია: ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების (ყოფა-ცხოვრება, წესჩვეულებები, ტრადიციები, ფოლკლორი, არქიტექტურა, გასტრონომია და სხვა) დაცვა და პოპულარიზაცია; ხეობაში ჰარმონიული ეკონომიკური აქტივობების გაზრდის ხელშეწყობა; ხეობისათვის დამახასიათებელი უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება მათი აღდგენა/შენარჩუნების შესახებ; ეთნოსოფლის დაგეგმვის და განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ტყის, მდინარის და ხევების დაცვის არეალების განსაზღვრა; ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენა; საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა; ენერგოეფექტურობის საკითხების შემუშავება ტრადიციული და ალტერნატრიული ენერგიების გამოყენების საფუძველზე; საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა და განვითარება; ტურისტულ-საინფორმაციო მომსახურების ცენტრების განვითარება; რეგიონული და ადგილობრივი დონის ტურისტული მარშუტების დაგეგმვა და განვითარება; განვითარების ეტაპებისა და რიგითობის განსაზღვრა; კერძო და სახელმწიფო ინტერესების შეჯერება.

კონკურსში გაწერილია მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების მოსალოდნელი შედეგები: 1. გაუმჯობესებული საარსებო და საცხოვრებელი გარემო; 2. კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების შენარჩუნება; 3. მდგრადი და კონკურენტუნარიანი განვითარების მოდელი; 4. დაგეგმილი განვითარება და წინაპირობა სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის შესახებ; 5. ტურისტულად მიმზიდველი და ეკონომიკურად აქტიური დანიშნულების ადგილი.

www.travelingeorgia.ge 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.