MADAMWINE ქართველი ღვინოა ქალი მეწარმეებისგან. ის ერთადერთი ღვინის კომპანიაა, სადაც დამფუძნებელი, მენეჯერი, ღვინის ტექნოლოგი ყველა თანამშრომელი ქალია.
კომპანია ონლაინ მარკეტინგულ საქმიანობას აფართოებს. ამას კი Madamawine ევროკავშირის EU4Business, ინიციატივის ფარგლებში ახერხებს. კომპანიამ მოიზიდა ახალი კლიენტები და გავიდა ახალ საექსპორტო ბაზრებზე. პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის დახმარებას გულისხმობს.
EU4Business-ის ცნობით, კომპანია პატარაა, არ აქვს საკუთარი საწარმოო ხაზი, თუმცა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, პროდუქცია გასასინჯად გააგზავნეს სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ჰონ-კონგში. ბრენდის მეტი პოპულარიზაციისათვის და საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად, კომპანიამ გადაწყვიტა მეტი ძალისხმევა მიემართა ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით. ამისათვის, EU4Business-მა დააკავშირა კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც MADAMWINE-ს დაეხმარა კონცეფციის შემუშავებაში, ვებსაიტის დიზაინისა და სტრუქტურის შექმნაში, ვებსაიტის შექმნაში, კონტენტის ატვირთვასა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში, ახალი ვებსაიტის გაშვებაში, რომელშიც ინტეგრირებულია სოციალური მედიის არხები. კომპანიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ვებსაიტისა და სოციალური მედიის მართვის საკითხებში.
პროექტის დასრულებიდან ერთ წელიწადში, MADAMWINE-ის ბრენდული ბოთლები ახალ სავაჭრო ობიექტებშიც გამოჩნდა- რუსთავში და ძველ თბილისში. თანამედროვე ვებ-საიტის მეშვეობით კომპანიამ ახალი კლიენტები მოიზიდა უცხოეთიდანაც. ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ორ პარტნიორთან: 50-50 ათასი ბოთლი გაიგზავნება ჩინეთსა და აზერბაიჯანში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთშიც და ჰონ-კონგში. კომპანიაში ახალ გეგმებზეც მუშაობენ. კომპანიის დირექტორი მანანა ახვლედიანი ღვინის ქარხნის აშენებასა და ღვინის ტურიზმში აქტიურად ჩართვას აპირებს.
ევროკავშირის EU4Business ყოვლისმომცველი ინიციატივა, ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა აქტივობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად.
www.travelingeorgia.ge