ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაღალმთიან რეგიონებში მინი საბაგიროები დამონტაჟდება
08 თებერვალი, 2018

მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში მინი საბაგიროების დამონტაჟებას იწყებს. მთავრობა გათვლას 200-300 მეტრის სიგრძის საბაგიროზე აკეთებს, რომლის ფასი დაახლოებით, 25 000 ევროა.

„დავიწყეთ სოფლებში „მინი" საბაგირო გზების დამონტაჟება. „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" აღმოაჩინა „მინი" საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჯდება ძვირი. ჩვენ სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი - უშგულში, უშხვანარში, მაზერში და ეცერში - ზემო სვანეთში და დაბა ლენტეხში, ქვემო სვანეთში უკვე დავამონტაჟეთ საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი ამბობს, რომ ახალი წამოწყება აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა. აღნიშნა, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის.

„მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის, ასევე, ჩვენი შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ამ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოს გააჩნია. ეს გამოიწვევს უზარმაზარ აქტივობას მთიან რეგიონებში. ზაფხულში, ასევე, ვაპირებთ სასეირნო და მთამსვლელებისთვის განკუთვნილი ბილიკების გაკეთებას. ასევე, ამ ბილიკების გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ადგილობრივი ინვესტორების იმ მცირე შესაძლებლობებსაც გამოვიყენებთ, რაც მათ გააჩნიათ და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაეხმარება ამ მიმართულების განვითარებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთები არის ჩვენი სიმდიდრე და მთები არის ის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

www.travelingeorgia.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.