მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი ტურისტული ობიექტები ფინანსთა სამინისტროს მიმართავენ
მაღალმთიანი რეგიონების ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში მოხვდა. აპარატს გასულ წელს “საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამ“ მიმართა და ლექვინაძის უწყებას ფინანსთა სამინისტროსთან რამდენიმე მიმართულებით შუამდგომლობა სთხოვა. საუბარია საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რათა მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი ტურისტული მომსახურების ობიექტებისთვის დაწესდეს სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი. ამ რეკომენდაციით 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართა, თუმცა ჯერჯეობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა “კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, საკითხი კონკრეტულად სასტუმრო სეგმენტში არსებულ პრობლემებს ეხება. კერძოდ, მაღალმთიანი რეგიონები პერსონალის ნაკლებობას განიცდის, ამიტომ მათი შევსება დედაქალაქიდან, ან უცხოეთიდან ხდება. პრობლემაც სწორედ მოწვეული თანამშრომლეის შენახვისას ჩნდება. ალავერდაშვილის განცხადებით, დამსაქმებელს რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი პირის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება. „ხშირად მოწვეული პერსონალი სასტუმროს ნომერში საცხოვრებლად რჩება, რაც კანონით გაყიდულ ნომრად ითვლება და დღგ-თი ჩვეულებრივად იბეგრება. ასევე ის, რომ ამ ადამიანმა კონკრეტულ ნომერში იცხოვრა შემოსავლად ეთვლება და საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მიღებული საკვებიც და ამ ყველაფერს პლიუს ის ხელფასი, რაც დასაქმებულს არსებული შეთანხმების მიხედვით ერიცხება. ყველაფერს ემატება ახლად ამოქმედებული საპენსიო რეფორმა. – ეს ყველაფერი ჯამში კატასტროფულ მდგომარეობას ქმნის,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა. „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელის თქმით, ამჟამად შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს. „ჩვენი მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ზედმეტი გადასახადების მოხსნაა, თუმცა უწყება ჯერ ფიქრობს,“ – აღნიშნა ალავერდაშილმა. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის მიერ დასახელებული მეორე პრობლემა, რაზეც მათ ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიმართეს, უკვე მოგვარებულია. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ზომის კვებისა და განთავსების ობიექტში, ჭურჭლის დაზიანების შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებული იყო, რომ დაზიანებული ჭურჭელი შეენახა და საგადასახადო ორგანოს ვიზიტის შემდეგ ჩამოეწერა. ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაიზიარა და დაზიანებული ჭურჭლის ჩამოწერის პროცედურა გამარტივდა. „ჩამოსაწერი ნივთების მოგროვების და შენახვის ვალდებულება გარკვეულწილად აფერხებდა ობიექტების საქმიანობას შევთანხმდით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მათი ჩამოწერის დადასტურება ადგილიდან გაუსვლელად მოხდება. კერძოდ, ელექტრონული ფორმით, ხოლო ობიექტები გათავისუფლდებიან დაზიანებული ნივთების შენახვის ვალდებულებისგან,“ – აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას შალვა ალავერდაშვილმა. ლიკა გურაბანიძე
commersant.ge