ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მაღალმთიანი რეგიონები მასშტაბური ტიპის სისტემური გამოწვევების წინაშე დგანან"
31 მაისი, 2023

„მაღალმთიან რეგიონებში შეთავაზებულმა სახელმწიფო პროგრამებმა შედეგი რომ გამოიღოს, აუცილებელია მოსახლეობას საბაზისო სერვისებზე წვდომა გააჩნდეთ.“ -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა განუცხადა.

სალომე გელაშვილის განმარტებით, მაღალმთიანი რეგიონები მასშტაბური ტიპის სისტემური გამოწვევების წინაშე დგანან.

„მაღალმთიანი დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფს. სოფელში სიღარიბე უფრო მაღალია და მაღალმთიან რეგიონებში კიდევ უფრო გამწვავებულია ეს ვითარება. ასეთ დასახლებებში მაგალითად პრობლემაა გამართული ინფრასტრუქტურის არარსებობა, ჯანდაცვასა და განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, პრობლემაა კაპიტალზე წვდომა და სხვა. ისეთ პირობებში,  როცა მაღალმთიან რეგიონებში მხოლოდ ცენტრალური გზებია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, მაგრამ შიდა გზები არ არის კარგი, ან ტრანსპორტი არ მოძრაობს საჭირო სიხშირით, რთულია ეკონომიკური საქმიანობის წამოწყება. ამიტომ პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სერვისების უზრუნველყოფა. არის სოფლები, სადაც ბუნებრივ გაზზეა წვდომა შეზღუდული, ან წყალი და ელექტრონერგიაა პრობლემა, მსგავსი საბაზო სერვისების არსებობა უცილებელია იმისთვის რომ ადამიანი დარჩეს ასეთ ადგილზე და დაიწყოს ბიზნესსაქმიანობა. “-განაცხადა სალომე გელაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს უკვე დედაქალაქში და დიდ ქალაქებშიც არსებობს ადამიანური რესურსის პრობლემა, სოფლად კი საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას.

„შეიძლება გვქონდეს მოლოდინი რომ ჯერ ბიზნესი დაიწყებს მაღალმთიან რეგიონში  საქმიანობას და ეს მიიზიდავს ხალხს, მაგრამ ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა. აუცილებელია, მთელი რიგი საკვანძო საკითხების მოგვარება რომ შეთავავაზებულმა პროგრამებმა გამოიღონ შედეგი.“-განმარტა სალომე გელაშვილმა.

ცნობისთვის, მაღალმთიან დასახლებებში წარმოების ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება.  პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. სოფლის განვითრების სააგენტო ბენეფიციარების განაცხადების მიღებას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც  შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ეს გამონაკლისები პროგრამაშია გაწერილი და მოიცავს სამშენებლო საქმიანობას, დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, და ა.შ. 

ასევე გამონაკლისებშია სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება, ვინაიდან, ეს მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარისა. დამატებითი 10%-იანი  ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.