ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაია სიდამონიძე: “ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ხელისუფლების ტრაგიკულმა და უსაფუძვლო პანიკურმა მოლოდინებმა არ გაამართლა“
16 აგვისტო, 2019

“ის რამდენიმე დღიანი შოკი რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ  გავლილია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ტურისტული სეზონია. რა თქმა უნდა, კონკურენცია მატულობს, რეგიონებს შორის ტურისტების ნაკადის გადანაწილება ხდება.დადებით ეკონომიკური შედეგი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ადგილობრივ ბიზნესს ექნება კონკურენტული ფასები და რეალურად სწორი მენეჯმენტი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება, თუნდაც რუსი ტურიტები სხვა ეროვნების ტურისტებით ჩაანაცვლონ. ამ ეტაპზე საქართველოში საკმარისი რაოდენობის ტურისტი არის იმისათვის, რომ არ დასჭირდეს კერძო სექტორს სესხების სუბრიდირება,  რაც ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ დაანონსა. რაოდენობაზე და მასობრივ ტურიზმზე მეტად, უნდა ვკონცენტრიდეთ იმ ტურისტებზე, რომელიც მეტს ხარჯავენ ქვეყანაში, — ასე აფასებს ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.

მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს იმ უსაფუძვლო პანიკას მთავრობის მხრიდან, რაც რუსეთის მხრიდან 8 ივლისს ფრენების აკრძალვას მოჰყვა. მისი განცხადებით, რუსი ტურისტების რაოდენობა არათუ ნარჩუნდება პირვანდელ ნიშნულზე, არამედ იზრდება, თუმცა ბაზრის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აქცენტი კონკურენტული ბიზნეს გარმოს შექმნაზე უნდა გაკეთდეს, რათა რეალური ეკონომიკური სარგებელი ნახოს ქვეყანამ.

რუსეთის ტურისტულმა ემბარგომ არ გამოიღო ის შედეგი, რა მიზანსაც  კრემლის ეს ქმედება ემსახურებოდა. ტურუსტულ სეზონთან დაკავშირებით ხელისუფლების ტრაგიკულმა და  უსაფუძვლო პანიკურმა მოლოდინებმა არ გაამართლა. საქართველოს მთავრობამ ნაადრევი სუბსიდირებით და სხვადასხვა ქმედებებით დაადასტურა საკუთარი უსუსურობა.   ჩვენ ისედაც კარგად ვხედავთ რუს ტურისტებს, რომლებიც გადაადგილდებიან არა მარტო ტრანზიტული ფრენებით, არამედ სახმელეთო ტრანსპორტით. ასევე ძალიან კარგად ვხედავთ საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ზრდას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაციისთვის და იმისთვის, რომ რუსეთის ბაზრებზე არ ვიყოთ დამოკიდებული.—  აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსისთვის ასევე მიუღებელია ხელისუფლების განცხადებები და მცდელობა, რომ ლარის კურსის გაუფასურება ტურისტული ნაკადის კლებას დაკავშირებოდა.

“რაც შეეხება ლარის კურსს, ნეგატიური მოვლენების დაბრალება ტურისტულ ინდუსტრიაზე არის ძალიან ცუდი მოვლენა ინვესტორებისთვისაც და რეალურად კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც. ასეთი განცხადებები არაპრაგმატული იყო ხელისუფლების მხრიდან.  

მაია სიდამონიძე ტურიზმის სფეროში არსებულ კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, ირანელი ტურისტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაც უნდა გადაიხედოს, ამისთვის საჭიროა კონკრეტული პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, იქნება ამ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა, თუ არა. მისი თქმით, საზღვრიდან გაბრუნებული ირანელი ტურისტების რიცხვის ზრდა, არაგამჭვირვალე პროცესია.

“ირანელ ტურისტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს სწორ პოლიტიკაზე, თუ ვამბობთ, რომ უვიზო მიმოსვლაა, მაშინ არ უნდა ვაბრუნებდეთ ტურისტებს საზღვრიდან, თუ არ გვინდა ირანელი ტურისტები გარკვეული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ ყველაფერს თავისი სახელი დაავრქვათ და შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი. მაგრამ დღეს ვაანონსებთ უვიზო მიმოსვლას და შემდეგ ვაბრუნებთ საზღვრიდან ტურისტებს, რომელთაც გადახდილი აქვთ ჯავშნებში ფული და, ფაქტობრივად, ვაზარალებთ მათაც და ჩვენს ბიზნესსაც.  ვფიქრობ, რომ ეს არა სტრატეგიული და არა გამჭვირვალე პროცესია იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მიზეზები უცნობია, — განაცხადა “კომერსანტთან“ მაია სიდამონიძემ.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.2 მილიონი შემოსვლა, რაც 13.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, — ეს საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციაა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების  მიერ განხორციელებული ვიზიტების  რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 36.8 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1 პროცენტი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსულების უდიდესი ნაწილი, 45 პროცენტი,  31-50 წლის მოგზაურია.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.