მაია სიდამონიძე: „მცდარი სახელმწიფო პოლიტიკაა რუსულ ბაზარზე ფულის დახარჯვა და ამით მასზე დამოკიდებულების გაზრდა“
„მცდარი სახელმწიფო პოლიტიკაა რუსულ ბაზარზე ფულის დახარჯვა და ამით მასზე დამოკიდებულების გაზრდა, მაშინ როცა იგი ყველაზე არასანდო და არასტაბილური ბაზარია“- განაცხადა რადიო “კომერსანტთან“ საუბარში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ტურისტული კომპანია „პრო თრეველის“ ხელმძღვანელმა, მაია სიდამონიძემ.
„ქვეყანაში ნეგატიური და პანიკური ტალღის დანერგვა მიმდინარეობდა, თუმცა, ვფიქრობდი, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის კლება არ დაფიქსირდებოდა, იქნებოდა მხოლოდ ზრდის ტენდეციების კუთხით შემცირება. ის მოლოდინი, რომ რუსეთიდან პირდაპირი რეისების გაუქმებით საერთოდ გაქრებოდა რუსული ბაზარი და შედეგი იქნებოდა ბევრად უფრო ტრაგიკული, არ გამართლდა,“ — აცხადებს სიდამონიძე.
მისი აზრით, რუსი ტურისტების 6%-იანი შემცირება არ არის ტრაგიკული.
“ტურისტების 6%-იანი შემცირება არ არის ტრაგიკული და არ ყოფილა იმის საფუძველი, რომ სახელმწიფოს ჩვენი გადასახადების ხარჯზე სუბსიდირება გაეკეთებინა ფრენებში. რეალურად დავინახეთ, რომ სუბსიდირების გარეშეც, ისედაც ჩამოდიან რუსი ტურისტები სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებებით და ტრანზიტული ფრენებით. ნებისმიერი სუბსიდირება არის მცდარი. შემცირებული რაოდენობების ამოვსება სხვა ბაზრების ხარჯზე მოხდა და ამიტომ მივიღეთ ზრდა და არა შემცირება.
ვფიქრობ, კლება არ იქნება, თუ გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციები ან მკაცრი მოწოდებები არ განხორციელდა. რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან ტრანზიტული ფრენებისა თუ სახმელეთო ტრანსპორტის მეშვეობით. ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ბაზრების დივერსიფიცირებაზე და ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე. მე არ ვსაუბრობ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას, ვისაც უნდა ის ჩამოვა, თუმცა „მცდარი სახელმწიფო პოლიტიკაა რუსულ ბაზარზე ფულის დახარჯვა და ამით მასზე დამოკიდებულების გაზრდა, მაშინ როცა იგი ყველაზე არასანდო და არასტაბილური ბაზარია,“– ამბობს მაია სიდამონიძე.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების მორიგი აკრძალვის შემდეგ, ტრანზიტული ავიარეისების სტიმულირების მიზნით, ავიაკომპანიებისთვის 600 ათას ევროს გამოყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიების გაზრდილი ხარჯების ნაწილს მთავრობა ფარავს – თითო მგზავრზე არაუმეტეს 90 ევროსი.
COMMERSANT.GE