ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაისში "ენგურჰესის" ერთ-ერთ გვირაბში ახალი გალერეა გაიხსნება - ნიკოლოზ ანთიძე
23 თებერვალი, 2024

მაისში "ენგურჰესის" ერთ-ერთ გვირაბში ახალი გალერეა გაიხსნება. ამის შესახებ შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გალერეა ძალიან საინტერესო ინსტალაციითა და ინფორმაციებით იქნება დატვირთული.

გარდა ამისა, როგორც ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში კომპანიებისგან "ენგურჰესით" დაინტერესება იზრდება.

„წელს დავდგით ახალი შენობა, რომელიც ვიზიტორებისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნულ შენობაში სამუზეუმო სივრცე მოეწყობა, სადაც კაშხლების მშენებლობის ისტორიას მოვყვებით. ასევე, გახსნილია მცირე მაღაზია, სალარო, ამბულატორიული ნაწილი. გარდა ამისა, წელს, ახალ სეზონს შევხვდებით გალერეით. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბევრის თქმა არ მინდა, რადგან ეს უნდა იყოს სიურპრიზი. მაისისთვის ერთ-ერთ გვირაბში გაიხსნება. ძალიან საინტერესო ინსტალაციითა და ინფორმაციებით იქნება დატვირთული.

გარდა ამისა, გარკვეული ფირმებისგან და კომპანიებისგან არის დაინტერესება, მათ შორის, ზიპლაინის მოწყობის და დაახლოებით, 10 კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკება და  ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ბიზნესმა გადაწყვიტოს ინვესტირება. ინტერესი იზრდება. ამოუწურავია ენგურის შესაძლებლობები ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ფასები გადაიხედება.

„ეს ახასიათებს საბაზრო ეკონომიკას, რადგან ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ და ის ინვესტიციები  ადეკვატური უნდა იყოს ფასთან, თუმცა ეს არ იქნება რადიკალური და გაორმაგებული. იქნება მატება იმისთვის, რომ ის ჩადებული ინვესტიცია ადეკვატურად იყოს აღქმული და უფრო მეტი გაკეთდეს ვიზიტორების საჭიროებებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციად ქცევის საპროექტო დოკუმენტაცია 2017-2018 წლებში  ესტონურმა არქიტექტურულმა კომპანიამ KOKO arhitektid-მა მოამზადა.

ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.