მაისში საქართველოს საზღვარი რუსეთის 51 561-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 377%-ით აღემატება. ეს ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდაა იმ ქვეყნებს შორის საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპით რუსეთი თურქეთს ორჯერ უსწრებს ის მაინც თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. საბაზისო 2019 წლის მაისთან შედარებით თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 84%-ითაა აღდგენილი, რუსეთიდან 30%-ით. მაისის მეორე ნახევარში რუსეთმა თავის მოქალაქეებს საქართველოს საზრის ავტომობილით გადაკვეთის უფლება მისცა, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა ივნისში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
სომხეთიდან წელს ასევე მაღალი 332%-იანი ზრდა ფიქსირდება, მაისში სომხეთიდან საქართველოს 42 600 ვიზიტორი ეწვია. ისრაელიდან 69%-იანი ზრდის შემდეგ 19 000, უკრაინიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა კი 30%-ით 15 000-მდეა გაზრდილი.
317 ათასი ვიზიტორიდან 82.6% - 264 ათასი ტურისტად კლასიფიცირდა. 2019 წლის მაისთან შედარებით, 2022 წლის მაისში ვიზიტორების რაოდენობა 51.7%-ით ტურისტების რაოდენობა კი 62.3%-ით არის აღდგენილი.
იანვარ-მაისში საქართველოს სულ 1.052 მლნ ვიზიტორი ეწვია, საიდანაც 907 ათასი ტურისტი იყო. ტურისტების რაოდენობა წლის პირველ 5 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 214%-ითაა გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი პირიქით 45%-ითაა შემცირებული.
commersant.ge