ლუდისგან დამზადებული ვისკი, ხილის ბრენდი, ბოთლში დადუღებული ლუდი და სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელი — ამ ყველაფერს “მაისტერბრაუს მარანი“ უკვე 4 წელია ქართველ და უცხოელ ტურისტებს სთავაზობს.
„მაისტერბრაუს მარანის“ იდეა არის ტურისტებს ადგილზე ვაჩვენოთ ქართული ტრადიციები და გავაცნოთ საქართველოს კულტურა და ისტორია. მარანშივე დავაგემოვნებინოთ და ავუხსნათ ჩვენი ღვინისა და ლუდის დამზადების ტექნოლოგია. სტუმრებს ასევე უშუალოდ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და ნახონ სხვადასხვა სასმელის დაყენების ტექნოლოგია,“ – გვიყვება „მაისტერბრაუს მარნის“ დამფუძნებელი გოჩა ვაჭარაძე.

ტურისტების მხრიდან ქართული ალკოჰოლური სასმელების მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე „მაისტერბრაუს მარანმა“ გადაწყვიტა, რომ უცხოელ სტუმრებს სასმელების დეგუსტაცია და ჭაჭის გამოხდის პროცესში მონაწილეობა შესთავაზოს. კომპანიამ წელს 8 სახეობის ღვინის წარმოება დაიწყო, რომლებიც მხოლოდ ტურისტებისთვისაა განკუთვნილი.

ალკოჰოლური სასმელების კომპანია „მაისტერ ბრაუ“ 2014 წელს დაარსდა და გაუფილტრავი ჩამოსასხმელი ლუდის წარმოება დაიწყო. კომპანია ლუდისა და მაღალი ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული, იგულისხმება ხილის არყები, ჭაჭა, ვისკი. სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ვაჭარაძის მარანი ტურისტებს ალკოჰოლური სასმელების ტურს სთავაზობს.

„ლუდის ნედლეული შემოგვაქვს გერმანიიდან და ვამზადებთ ერთერთი უძველესი სამხრეთ გერმანული ტექნოლოგიით, ვამზადებთ გაუფილტრავ ცოცხალ ლუდს, რომლის რეალიზაცია ხდება რამდენიმე ქალაქში, ლუდის სარეალიზაციო ობიექტებში ჩამოსასხმელი სახით. ჩვენი ლუდის სახელი „მაისტერ ბრაუ“ ნიშნავს ლუდის ოსტატს. წელს დავიწყეთ სიახლე ეს არის ბოთლში დადუღბული ლუდის ბაზარზე გატანა, რაც ნიშნავს, რომ ფერმენტაციის და დადუღების ერთთვიანი ციკლი მიმდინარეობს დახურულ ბოთლში. ამ ტექნოლოგიას არ ჰყავს საქართველოში ანალოგი და ორმაგი ხარშვის მეთოდს უწოდებენ. ჩვენი ლუდი ჯერჯერობით მხოლოდ ლუდის სახლის ქსელში იყიდება, ახალა „აგროჰაბში“ ვცდილობთ შეტანას.“ – აცხადებს გოჩა ვაჭარაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

კომპანია ასევე 15-ამდე დასახელების ხილის ალკოჰოლური სასმელის ბრენდს აწარმოებს, რომელსაც “დისტილატს“ უწოდებენ. ხილის ალკოჰოლური სასმელის ბრენდი საქართველოში არ იყიდება და გერმანიაში სარეალიზაციოდ უკვე 860 ბოთლი გაიგზავნა.
„მაისტერბრაუს“ კიდევ ერთი განსხვავებული პროდუქტი აქვს —ლუდისგან მზადდება ქართული ვისკი, რომელმაც 2016 წელს გერმანიაში სპირტიანი სასმელების საერთაშორისო დაჯილდოვებაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

Commersant.ge