მთავრობა რაჭის განვითარებას და ტურისტების მოზიდვას გეგმავს. პრემიერმა ამბროლაურში, ფუძეობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რაჭის ოთხსეზონიან კურორტად ქცევა.
„ამბროლაურში ძალიან კარგი შედეგები მოგვცა სახელმწიფო პროგრამებმა. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო "აწარმოე საქართველოში" და საოჯახო სასტუმროების განვითარება. დღეს დავათვალიერე რამდენიმე მათგანი. დიდი მოთხოვნაა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით დიდი პერსპექტივები გვაქვს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ კუთხეში მინიმუმ გავასამმაგოთ ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა. შესაბამისად, მეტი გრანტია გასაცემი, რომ საოჯახო სასტუმროების მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ.
ხორციელდება 21 ინფრასტრუქტურული პროექტი, 18 მათგანი წელსვე დასრულდება, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, მეტი დინამიკა გვქონდეს სოფლის გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საქმეში. ამ თვალსაზრისითაც 2019-2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
პროექტების განხორციელება საშუალებას მოგვცემს, ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ. ეს არის დაახლოებით 10-15% იმ პოტენციალისა, რაც ამ ლამაზ კუთხეში გვაქვს. შემდეგი ეტაპი იქნება, რა თქმა უნდა, შოვის და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
www.travelingeorgia.ge