პანდემიის პირობებში კულტურულ ტურებზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მე-16 საუკუნის მარან-მუზეუმის „ნუმისის“ მფლობელი ნუნუ კარდენახიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ მუზეუმს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა, კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა. ამ ეტაპზე ,,ნუმისი“ძირითადად პოლონელი და უკრაინელი ტურისტების იმედადა, რადგან შიდა ტურები უკვე იშვიათობაა.
,,შარშან საერთოდ არ გვყავდა ტურისტი, წელს მცირე კონტინგენტს მაინც ვმასპინძლობთ. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, 90%-ით შეგვიმცირდა შემოსავალი, სერიოზულ კრიზისს განვიცდით. პანდემიის გამო მოულოდნელად გაჩერდა ყველაფერი და დავრჩით აღებული ვალდებულებების წინაშე, კინაღამ დავკარგეთ მთელი ქონება. რაღაც ნაწილი გავყიდეთ და ამით გავისტუმრეთ ბანკის სესხი, ცხადია, გაყიდულიც გადავაგდეთ, რადგან დღეს არავის არაფერი აინტერესებს. მიმდინარე სეზონზე ძირითადად უკრაინელ და პოლონელ ტურისტებს ვიღებთ, 5 თვეში ერთხელ შეიძლება თითო ამერიკელი, ჩინელი და ფრანგი ტურისტი გვეწვიოს, ისიც, ვინც საქართველოში ცხოვრობს ან ქვეყანასთან რაღაცით არის დაკავშირებული, სხვა კატეგორიის დამთვალიერებლები არ გვყავს. ამ მხრივ შიდა ტურისტების ვიზიტებიც თითქმის გაჩერდა. შეიძლება ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ მიმდინარე სეზონზე მუშაობს ძირითადად სასტუმრო, აუზები და საუნა აქვს, კულტურულ ტურებს ნაკლებად ჰყავს დამთვალიერებელი“, - ამბობს კარდენახიშვილი ,,კომერსანტთან“.
მარან-მუზეუმის მფლობელი აღნიშნავს, რომ სეზონის მიხედვით 9-15 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და ამ ეტაპზე ნახევარიც ვერ შეინარჩუნა.
ნუნუ კარდენახიშვილის ინფორმაციით, მარან-მუზეუმში გახსნილია მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელშიც დაცულია სხვადასხვა ეპოქის თიხის, მინის, სპილენძის და ხის ჭურჭელი, აგრეთვე სხვა ნივთებიც. ისინი მოგვითხრობენ ქართული მეღვინეობის და ეთნოგრაფიის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურაზე. კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია ძველი წელთაღრიცხვის III-II საუკუნეში დამზადებულ ღვინის მრავალფეროვან თიხის ჭურჭელს და ქალის სამკაულებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, XVIII საუკუნის სპილენძის ღვინის ჭურჭელს, ძველ ხალიჩებს, ნოხებს და ავეჯს. ასევე საბჭოთა ნივთებს, მათ შორის პირველ ტელევიზორებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სხვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2016 წელს დაიწყო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა. დღეს, ეს მარნები ტურისტული დანიშნულების ადგილებია, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ.
თუმცა, როგორც ვხედავთ, დღეს ეპიდემიის გამო დარგი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და მთავრობისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება.
commersant.ge