ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი რუსეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიების შეწყვეტის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
საქმე იმაშია, რომ აღნიშნულის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
„ჩვენ გავიგეთ ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსისგან, რომ რუსეთის ბაზარზე რეკლამის განთავსება შეწყდა, რათა მოიზიდონ ტურისტები რუსეთიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტიდან ეს ფული ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ მიემართება. ვთვლი, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ბიუჯეტის ფულის განთავსება რეკლამის სახით რუსეთის ბაზარზე”, – განაცხადა ვერა ქობალიამ.
თუმცა ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯმენტი აღნიშნულს არ ადასტურებს და არც იმ თანხის მოცულობას აკონკრეტებს, რომელიც წელს რუსეთის ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის იხარჯება.
“ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რეკლამები შეწყდა რუსეთის ბაზარზე. ვერ მივხვდით, ეს ინფორმაცია რატომ გავრცელდა. ჩვენთვის მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვანია, თუმცა ხაზს ვუსვამთ, რომ პრიორიტეტები შეიცვალა და ევროკავშირის ქვეყნებზე კონცეტრირდა, რაც ბუნებრივია გულისხმობს იმას, რომ ფინანსური კონცენტრირება უფრო მეტად როგორც ფინანსური ისე ადამიანური ამ ბაზრებზე მოხდება… წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი მიმართულება ემატება და იცვლება, არცერთ ბაზარზე კონკრეტულ ბიუჯეტს არ გამოვყოფდი,” – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნების მიხედვით ვიზიტორების მხარჯველუნარიანობა შეაფასა და რუსეთი იმ TOP-15 ქვეყანას შორის არ მოხვდა, რომელიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს საქართველოში ვიზიტის დროს.
ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის განმავლობაში მარკეტინგული კამპანიებისთვის ჯამში, 16 მლნ ლარს დახარჯავს.