“ირანიდან წამოსული ტურისტული ნაკადი ვიზიტორების ნაწილში არ შემცირებულა, 45% – არატურისტული მიზნებით შემოსული მოქალაქეების რიცხვია”, – ამის შესახებ bm.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.
ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ თავის მხრივ, ეს ქვეყნისთვის გამოწვევაა და პოზიტიურად არ აისახება, თუმცა ქვეყანა მზად არის ტურისტული ვიზიტით ჩამოსულ მოქალაქეებს უმასპინძლოს.
მისივე თქმით, ირანის ბაზარი ისეთივე სტრატეგიულ ბაზრად რჩება, როგორიც ამ დრომდე იყო.
“ირანის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლისას პრობლემები არ ექმნებათ. ჩვენ არაერთი კერძო შეხვედრა გვქონდა და კერძო სექტორის პოზიციების მოსმენის შემდეგ ერთობლივად ვთანხმდებით, რომ ირანი კვლავ სტრატეგიულ ბაზრად რჩება”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საემიგრაციო პოლიტიკა არ შეცვლილა, თუმცა მხოლოდ იმ მოგზაურების მიმართ შეიცვალა, რომლებიც საქართველოში არატურისტული მიზნით მოგზაურობდნენ.
“იმისათვის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის ნათელი მოგვეფინა, შსს-სთან ერთად ის განცხადება შევიმუშავეთ, რომელიც ყველა ირანის მოქალაქეს რეკომენდაციას უწევს, თუ რა სახის დოკუმენტაციები უნდა ჰქონდეთ მათ თან საქართველოში მოგზაურობისას. ეს ჩვეულებრივი, მარტივი სამოგზაურო დოკუმენტებია, რომელსაც ყველა ქვეყანა ითხოვს”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ირანიდან სულ 15,973 ვიზიტი შედგა, რაც 2018 წელთან შედარებით 44.8%-ით ნაკლებია.
2018 წლის დეკემბერში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ ირანის ასობით მოქალაქის საზღვრიდან გაბრუნებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, რასაც შემდგომში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ირანის ელჩის შეხვედრა მოჰყვა, რომელზეც გადაწყდა, რომ საემიგრაციო საკითხებში ორი ქვეყანა უფრო მჭიდრო პარტნიორობას დაიწყებდა.
2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ხშირად ისევ ირანელებს აბრუნებენ. ჯამში, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამურის რესპუბლიკის 3,098 მოქალაქეს ეთქვა უარი.
www.bm.ge