მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმმა ეკონომიკაში უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა განახორციელოს“
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, 2019 წლის ტურისტული სეზონი წარმატებულად დაიწყო.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარება, კობი-გუდაურის პროექტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული, რასაც ამ წლისთვის საფუძველი ჩაეყარა. ამ პროექტმა სტეფანწმინდას მისცა იმის საშუალება, რომ მოსახლეობა, რომლებსაც განთავსების ობიექტები აქვთ, უკვე შეძლებენ ტურისტების მიღებას, ადრე ამის შესაძლებლობა არ იყო“, – განაცხადა მან.
მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან 2019 წლის მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი დივერსიფიცირებული ბაზარი, მაღალშემოსავლიანი ტურისტების რაოდენობის ზრდა და ტურიზმის სექტორიდან მიღებული მეტი შემოსავალი იქნება.
„რაც შეეხება 2019 წელს, მოლოდინი საკმაოდ დიდი გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული 2025 წლის გეგმის მიხედვით მუშაობა. ეს ითვალისწინებს უფრო მეტად დივერსიფიცირებულ ბაზარს, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ყველაზე მნიშვნელვანი რაც არის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის სექტორმა უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა განახორციელოს“, – აღნიშნა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.