შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სასაზღვრო პოლიციამ მიიღეს ინფორმაცია, რომ მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„რთული რელიეფის გამო, დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“ – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
Commersant.ge